ძიძიგური ჟვანიას საქმეზე: სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულობად უნდა მივიღოთ

“სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ,” – ეს განცხადება პარლამენტის ვიცესპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტის გამამართლებელი განაჩენის კომენტირებისას გააკეთა.

დღეს, 5 დეკემბერს საქართელოს უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ყოფილი ექსპერტის, ლევან ჩაჩუას საქმე წარმოებაში არ მიიღო და სააპელაციო სასამართლოს გამამართებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ზვიად ძიძიგურის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება ყველამ მოცემულობად უნდა მიიღოს:

“იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს არის მოცემულობა. თუ დამოუკიდებელი სასამართლო გვინდა, თუ სამართლებრივი სახელმწიფო გვინდა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა უნდა დავემორჩილოთ როგორც ამ, ისე სხვა შემთხვევებში. მე მინახავს მცდელობა, რომ პოლიტიკოსები ჩართონ, შეაფასონ და დაგმონ სასამართლოს გადაწყვეტილებები. ყველამ მოცემულობად მივიღოთ სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოსკენ მიმავალი გზა,” – აღნიშნა ძიძიგურმა.

საქართელოს უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ყოფილი ექსპერტის, ლევან ჩაჩუას საქმე წარმოებაში არ მიიღო და სააპელაციო სასამართლოს გამამართებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

“ლევან ჩაჩუას საქმეზე პროკურატურის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი,”- განუცხადეს “ნეტგაზეთს” უზენაეს სასამართლოში.

2014 წლის 19 მარტს youtube-ზე ანონიმური მომხმარებლის, hakim fasha-ს მიერ  გავრცელდა ვიდეო, რომელიც შედგენილი იყო ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების შემდეგ გადაღებული ფოტომასალებით. ამ ფოტოებზე გარდაცვლილებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ.

2014 წლის 21 მარტს, ვიდეოების გავრცელებიდან ორ დღეში, პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე, ლევან ჩაჩუა დააკავა. გამოძიება აცხადებდა, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
ლევან ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. 9-თვიანი ვადის გასვლამდე  1 თვით ადრე მას გირაო შეეფარდა. 2015 წლის 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჩაჩუა გაამართლა. განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციომ და, როგორც ახლახან გახდა ცნობილი, უზენაესმა სასამართლომაც.