აქციის მონაწილეები მოითხოვენ სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა კალმახელიძისა და შს მინისტრის ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან გადაყენებას, ასევე, საპყრობილეებში საერთაშორისო ორგანიზაციების შეშვებას.
“ის, რაც დღეს ვიხილეთ, ჩვენთვის არახალია, საზოგადოებას აქვს ეჭვი, რომ ასეთი რამ ხდება, საქართველოს ბევრ ოჯახს ჰყავს პატიმარი და ასეთი რამ რომ აღარ მოხდეს, საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომა,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი კორძაიამ.
“მე არ მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც ადამიანის წამება იქნება ჩვეულებრივი მოვლენა, თან ის მწამებლები ცნობილი ადამიანები არიან, გვარებს – ფაცაცია და ა.შ. ყველა ცნობს, როგორც ჯალათებს. ესენი პატიმრებს კი არ უნდა პატრონობდნენ, თვითონ უნდა იყვნენ პატიმრები. ეს არის მთელი სისტემის პრობლემა, რომელიც სააკაშვილმა შექმნა და ყველა მინისტრი უნდა დაისაჯოს, რომელიც ამაში მონაწილეობდა. მე ისე სახლში ვერ მივალ და ამ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ”, – აცხადებს აქციის მონაწილე დაჩი ცაგურია.
აქცია სოციალური ქსელებით მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ტელეკომპანია “მაესტრომ” და “მე-9 არხმა” პატიმრების გაუპატიურებისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელეს.
ხვალ, 12 საათისთვის სამოქალაქო საზოგადოების აქცის სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გაიმართება.
00:05 – ამ დროისთვის ფილარმონიასთან, კერძოდ, მელიქიშვილის გამზარზე სანანქანო გზა აქციის მონაწილეებს ისევ გადაკეტილი აქვთ. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ტრანსპარანტები, წარწერით: “არ აწამო, იწამები ადამიანების!” “დაისაჯონ დამნაშავეები!” ასევე გამოტანილი აქვთ მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის, ხათუნა კალმახელიძის გადახაზული ფოტოები, წარწერით – ჯალათები.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე დაჩი ცაგურია აცხადებს, რომ აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მოითხოვენ:
“გადადგეს ახალაია და დაიწყოს იმ საქმეების გამოძიება, რომელიც მისი სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს მოხდა! გადადგეს კალმახელიძე, მაგრამ გადადგომა არ არის საკმარისი, ის არის უშუალო პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს ვიხილეთ; მოხდეს იმ ბადრაგების იდენტიფიცირება და გასაჯაროება, რომლებმაც ეს სისასტიკე ჩაიდინეს! საზოგადოებრივმა მაუწყებლმა გააშუქოს ეს აქცია, ჩვენ არ შეიძლება ვინახავდეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ის არ გამოხატავდეს საზოგადოების ინტერებს.”
“თუ ამასაც მოვითმენთ ქართველები, ე.ი. ყველაფრის ღირსი ვიქნებით, ეს წარმატებული რეფორმები, რაც მომწონდა, ყველაფერი წყალში ჩაიყარა დღევანდელი მასალის შემდეგ, რაც ვნახე. გამოსავალს ვხედავ არა ერთ კაცში და ორ კაცში, არამედ სოლიდარობაში. ყველას მოვუწოდებ, მოვიდეს და არა აქვს მნიშვნელობა, რა მაისურს ჩაიცმევს – “ოცნების”, “ლეიბორისტის” თუ “ნაციონალის”, ოღონდ აქ მოვიდეს და გააპროტესტოს”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ერეკლე დეისაძე.
თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია პატიმრების წამებაში მონაწილე პირთა დასჯის მოთხვნით მიმდინარეობს ბათუმში, ერას მოედანზე, სადაც ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი.
01:10 – აქციას თბილისში შეურთდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადნლები. ამ დროისთვის აქციაზე იმყოფებიან კოალიცია “ქართული ოცნების”, “ქართული დასის”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის”, “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლები.
თბილისისა და ბათუმის გარდა, აქცია მიმდინარეობს ქუთაისის №2 საპყრობილის წინ, სადაც ადგილობრივი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
ბათუმში ამ დროისთვის 50-მდე ადამიანია შეკრებილი, თუმცა აქციას თანდათან უერთდებიან მოქალაქეები და პატიმრების ოჯახის წევრები.
01:20 – აქციას თბილისში რამდენიმე სასულიერო პირი შეუერთდა, თუმცა ისინი რაიმე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
01:40 – ბათუმში აქციის მონაწილეების რიცხვი 200-მდე გაიზარდა. სულ უფრო იზრდება აქციის მონაწილეების რაოდენობა თბილისში, ფილარმონიასთან, სადაც ამ დროისთვის სიტყვით აქციის გამოდიან ისინი პატიმრების წამებაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ.
01:55 – ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ხვალ, 12 საათამდე აძლევენ ვადას ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესასრულებლად, რომელიც ეხება ახალაიასა და კალმახელიძის პასუხისმგებლობას. მათივე თქმით, აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება ფილარმონიასთან.