მოხეში მუსლიმმა თემმა კვლავ ღია ცის ქვეშ, სადავო ნაგებობასთან ილოცა [ფოტო/ვიდეო]

სოფელ მოხეში მუსლიმმა თემმა დღეს, 2 დეკემბერს, გასული პარასკევის მსგავსად, კვლავ ღია ცის ქვეშ ილოცა. მიუხედავად იმისა, რომ 1 დეკემბერს, მოხის კომისიის გადაწყვეტილებით, მათ ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ადგილი შესთავაზეს, ისინი სახელმწიფო მოუწოდებენ, რომ სადავო შენობის ბედი სამართლიანად გადაწყვიტონ.

ვიდეო, თუ როგორ ლოცულობენ მუსლიმი თემის წარმომადგენლები თოვაში, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გაავრცელა.

მოხის კომისიის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სადავო ნაგებობა, რომელზეც პრეტენზია აქვს როგორც მუსლიმ, ასევე ქრისტიან მრევლს, არც ერთ მხარეს არ გადაეცემა და კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ გადავა.

1 დეკემბერს მოხის კომისიამ გადაწყვიტა, რომ მოხის მუსლიმ თემს მეჩეთის ასაშენებლად კონკრეტულ ადგილებს შესთავაზებდნენ. ამ განცხადების გასაჯაროების შემდეგ მუსლიმი თემის ადგილობრივმა წარმომადგენელმა, თამაზ ბერიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩებოდა, კერძოდ, სრულ უნდობლობას უცხადებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და მოხის კომისიას, ასევე, სახელმწიფოსგან კვლავ მოითხოვენ სადავო ნაგებობის ბედის სამართლიანად გადაწყვეტას.

“ჩვენ უნდობლობა გამოვუცხადეთ და მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა… მშენებლობას არავინ შეეწინააღმდეგება, მაგრამ ვის აუშენებენ, გააჩნია. ოთხ დანგრეულ კედელს რომ არ გვაძლევენ, ვინ ააშენებს ახალ მეჩეთს? ეს ხომ ტყუილია, ყველამ ვიცით. რომც აშენდეს, ამ შენობის ბედი უნდა გადაწყდეს. ლოცვის პრობლემის მოგვარებით ამ შენობის ბედი ჩვენთვის ისევ მტკივნეული და ყოველთვის საინტერესო იქნება… ამ ეტაპზე ლოცვის პრობლემის მოხსნა ჩვენ არავისთვის გვითხოვია,”- განაცხადა ნეტგაზეთთან თამაზ ბერიძემ.

25 ნოემბერს გავრცელებულ საჯარო განცხადებაში მოხის მუსლიმა თემმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა დათანხმდნენ მოხის კომისიის ჩამოყალიბებას. მათვე განცხადებით, კომისიის წვრებად უნდა შერჩეულიყვნენ მოხის მუსლიმი თემის და მეზობელი ქრისტიანების ოთხ-ოთხი წარმომადგენელი, ასევე, სახალხო დამცველისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებიც. მათივე თქმით, რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ კომისია დააკომპლექტა არა ამ შეთანხმების შესაბამისად, არამედ ისე, როგორც მისთვის იყო სასურველი.

“ამ პოლიტიკით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თემის და სამუფთო სამმართველოს გაუცხოებას უწყობს ხელს და უფსკრულს აჩენს ჩვენს შორის. ამ ფონზე შექმნილი კომისია შეუდგა საქმეს და ორი წლის ლოდინის შემდეგ არანაირი შედეგი არ ჩანს,”- აღნიშნულია განცხადებაში.


ფაქტები მოხის სადავო ნაგებობასთან დაკავშირებით:

[checklist]

[/checklist]