სააგენტოს ცნობით, შემინული ნაგებობა, რომელიც ტაძარზეა მიშენებული, ძვირადღირებული თუნუქის კონსტრუქცია:
“ის არ არის შუშა, ის არის ძვირადღირებული თუნუქის კონსტრუქცია და ამ მასალით შეფუთული კედელი და კარიბჭეა, რომელსაც აყავხართ სამუზეუმო სივრცეში”, – უთხრა “ნეტგაზეთს” საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელმა ნათია მურაჩაშვილმა.
ორი თვის წინ, როდესაც ბაგრატის ტაძარს, იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამორიცხვა დაემუქრა, ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელმაც იუნესკოს ექსპერტების განმარტებით, ტაძრის აუთენტურობა შელახა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა რამდენიმე განმარტება გააკეთა, მათ შორის ლიფტისა და შუშის კონსტრუქციის შესახებ:
“როგორც ცნობილია, ბაგრატის ტაძრის გარეთ, არასატაძრო სივრცეში, რომელიც ოდითგანვე საერო ფუნქციის იყო და ძველად აქ ტუალეტიც (!) იყო გამართული, დაგეგმილია მოეწყოს კიბე, რომელიც საკმაოდ მაღლა, მე-3 სართულის დონეზე ავა და მიმსვლელთ შეიყვანს ტაძრის მინაშენში (არც ესაა სატაძრო სივრცე), აქ დაგეგმილია მცირე ექსპოზიციის მოწყობა ტაძრის ისტორიის წარმოსაჩენად. სწორედ ამ კიბის შუაში უნდა ჩადგეს მცირე ელევეტორი-ლიფტი, რომელიც გარედან არც წაიკითხება, სამაგიეროდ მიმსვლელთ ძალზე გაუადვილებს სიმაღლეზე ასვლას. კათოლიკურ ტაძრებს რომ თავი დავანებოთ, ლიფტი არსებობს მართმადიდებლურ ტაძრებშიც (მაგალითად, მოსკოვის “ხრისტოს სპასიტელის” დიდ ტაძარში), ბაგრატის ტაძრის შემთხვევა არც კანონიკურ და არც ესთეტიკურ კრიტერიუმებს არ არღვევს, იგი პრაქტიკულიცაა და ყველასთვის გამოსადეგი იქნება (განსაკუთრებით ხნოვანი ხალხისთვის)”.
ბაგრატის ტაძარი იუნესკომ1994 წელს შეიტანა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. 2012 წლის ზაფხულში გამოქვეყნებულ იუნესკოს შეფასებაში საუბარია იმაზე, რომ ტაძარმა დაკარგა ის ღირებულება, რის გამოც ის კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. იუნესკოს რამდენიმე თვის წინ უნდა მიეღო გადაწყვეტილება ბაგრატის ტაძრის ამ ნუსხიდან შესაძლო ამორიცხვის შესახებ, თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ორგანიზაცია ამ საკითხს 2013 წელს განიხილავს სესიაზე.
საქართველოს მთავრობამ კი უკვე დაასრულა ტაძრის აღდგენის მთავარი ეტაპი. ბაგრატის ტაძარი დღეს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.