“ძალიან კარგად გვესმის საზოგადოების მაღალი ინტერესი, თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს და როგორც ამას გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, ახალ გარემოებებზე განცხადება მაშინ გკეთდება. მანამდე ამ საკითხზე არანაირი კომენტარი არ გაკეთდება”, – განუცხადა შსს–ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ “ნეტგაზეთს” რამდენიმე დღის წინ. სამინისტროს პოზიცია იგივეა დღესაც.
ლოპოტის ხეობაში შეიარაღებული ჯგუფის წევრების ძებნის გაგრძელების შესახებ შსს–ს ინფორმაცია კითხვებს უჩენს “ქართული ოცნების” “თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების თემატური ჯგუფის” ხელმძღვანელს ირაკლი სესიაშვილს.
“ეს არის მორიგი ბუნდოვანება, რადგან ამდენი დღე გავიდა. თუ ხეობა ალყაში აქვთ მოქცეული ჩვენებს, თავისუფლად შეიძლებოდა ამდენი დღის მანძილზე მათი აყვანა. შესაძლოა, ხელისუფლებამ ისინი ან დააკავა, ან მოკლა, ან კიდევ მოლაპარაკებას მიაღწია და ქვეყნიდან სამშვიდობოს გაუშვა. ეს მე არ ვიცი, თუმცა, ეჭვი მიჩნდება, რადგან ლოპოტას ხეობა ძალიან პატარაა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ირაკლი სესიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლოპოტის ხეობაში დაკავებული იქნა შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან ახმეტ ჩატაევი.
აღნიშნული პირის დაკავების შესახებ “კახეთის საინფორმაციო ცენტრი შსს–ს განცხადებამდე 2 დღით ადრე, 6 სექტემბერს წერდა. ანონიმურმა წყარომ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ შეიარაღებული ჯგუფი პანკისში საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა, კონკრეტულად კი ანტიტერორისტულ ცენტრთან.
ლოპოტას ხეობაში 28 აგვსიტოს დაწყებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ძირითადად, სამი ვერსია გავრცელდა.
ხელისუფლების ვერსიით, რუსეთიდან, კონკრეტულად კი დაღესტნის მონაკვეთიდან შეიარაღებულმა ჯგუფმა გადმოლახა საქართველოს საზღვარი, ტყვედ აიყვანა სოფელ ლაფანყურის მცხოვრები 5 ახალგაზრდა. აღნიშნული მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ შეიარაღებულ ჯგუფთან მძევლად ერთი ქართველი მესაზღვრე დარჩა 28 აგვისტოს, რომელსაც მოგვიანებით ჩაენაცვლა შსს–ს ოფიცერი. შსსს ცნობით, სწორედ მას უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან, რომლებიც უარს აცხადებდნენ იარაღის დაყრაზე. ამის შემდეგ ჯგუფის ორი წევრი სამართალდამცავმა გამოიყუა ჩასაფრების ადგილზე და ქართველმა სპეცრაზმელებმა გახსნენს ცეცხლი და დაიწყეს შეიარაღებულ პირთა დევნა.
შედეგად დაიღუპა სამი ქართველი სამართადამცავი და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი, რომელთაგან 2 საქართევლოს მოქალაქე აღმოჩნდა პანკისის ხეობიდან, 5 კი–რუსეთის მოქალაქე ჩეჩნეთიდან.
თავდაპირველად, შსს–ს უარყოფდა მოკლულთა კავშირს პანკისის ხეობასთან, ასევე იმას, რომ მათ შორის იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.
პანკისელებს უჭირთ დაჯერება, რომ მოკლული ახალგაზრდები დივერსანტები იყვნენ და საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის პროვოკაციებს გეგმავდნენ.
ასლან მარგოშვილის ერთ–ერთმა ნათესავმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ არ სჯერა ხელისუფლების ოფიციალური ვერსიის და სიმართლე აუცილებლად გაირკვევა. მას ასევე აეჭვებს იმ იარაღის წარმომავლობა, რომელიც შსს–ს ტქმით, შეიარაღებული ჯგუფის წევრებს თან ჰქონდათ.
აღნიშნული იარაღის საეჭვო წარმომავლობას ეჭვქვეშ აყენებს რაბინი, პოლიტლოგი და “აღმოსავლეთის პარტნიორობის ინსტიტუტის” პრეზიდენტი აბრაამ შმულევჩი. მან თავის ბლოგზე გამოქვეყნებულ წერილში დეტალურად მიმოიხილა შსს–ს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე აღბეჭდილი საბრძოლო ტექნიკა და დასკვნა, რომ მსგავსი უახლესი ტიპისა და მსგავსი ფასის იარაღი, საეჭვოა კავკასიელ მებრძოლებს ქონოდათ.
აღნიშნულ ეჭვებს იზიარებს ირაკლი სესიაშვილიც: “ ნატოს შეიარაღებაში არსებული სტანდარტების ქონა, პირობითად რომ ვთქვათ, სხვადასხვა კავკასიელი მებრძოლებისთის, არამიზანშეწონილია, რადგან მათი კალიბრი განსხვავდება. თუკი რუსული წარმოების ტყვია–წამლის შოვნა ადვილია ჩრდილოეთ კავკასიაში, იმდენად რთულია შავ ბაზარზე ნატოს სტანდარტის იარაღის ყიდვა”.
ირაკლი სესიაშვილი ეჭვქვეშ ასევე აყენებს შეიარაღებული ჯგუფის საქართევლოში დაღესტნიდან გადმოსვლის ვერსიასაც.
“ამ ვერსიას ვაყენებ ეჭვქვეშ და უფრო ვენდობი ადგილობრივების განცხადბებს, რომლის მიხედვითაც, ეს ადამიანები იყვნენ პანკისში. ამ ჯგუფის წევრების ნაწილი ჯერ ჩამოვიდა თუ არა პანკისში სხვადასხვა ადგილიდან, შეიკრიბნენ პანკისში და მერე გადაწყვიტეს დაღესტნისკენ წასვლა, ეს ჯერ კიდევ არ არის გარკვეული და მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია.
მე ვფქირობ, რომ ნაწილმა თავი მოიყარა პანკისში, ზოგმა კი სხვადასხვა გზებით შეძლო საქართველოში შემოსვლა, შეიკრიბნენ და ტყე–ტყე გადავიდნენ ლოპოტას ხეობაში, საიდანაც, სვაარაუდოდ, დაღესტანში აპირებდნენ გადასვლას”, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი და დასძენს, რომ დაღესტნიდან კასპიის ზღვის გავლით მებრძოები შესაძლოა სირიაში გადასულიყვნენ საბრძოლველად.
სესიაშვილის თქმით, მსგავსი მარშრუტები ადრეც იქნებოდა გამოყენებული.
ლონდონში დევნილის სტატუსით მცხოვრებმა აჰმედ ზაკაევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის აუცილებლად გამოიძიებს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს და გაიგებს, სინამდვილეში რა მოხდა. სამართალდამცავთა მიერ ლიკვიდირებულებს შორისაა დოკვახა დოშუევი, აჰმედ ზაკაევის პირადი მცველი.
“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ აჰმედ ზაკაევს არ სურს საქართველოს ხელისუფლებასთან კონფრონტაცია, ამიტომ დიპლომატიური მეთოდებით ცდილობს გამოძიების შესახებ ინფრომაციის მიღებას. სესიაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება არაგონივრულად მოიქცა, როცა გადაწყვიტა შეიარაღებული ჯგუფის წევრების ლიკვიდაცია.
კითხვაზე, რატომ არ იყო ლეგიტიმური ხელისუფლების ქმედება, გაენეიტრალებინა შეიარაღებული დაჯგუფება, სესიაშვილი პასუხობს:
“საკითხი დავსვათ ასე: ხელისუფლებამ გამოიყენა თუ არა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, რომ ეს ოპერაცია უსისხლოდ დასრულებულიყო? ჩვენი ამოცანა იყო მათი ლიკვიდაცია თუ დაკავება? ჩემი აზრით, ხელისუფლებამ არ გამოიყენა ყველა რესურსი, არ დაღვრილიყო სისხლი და მიეღწია შეთანხმებას. მე ვეყრდნობი შოთა ხიზნიშვილის ინტევრიუს, რომელიც მან ნეტგაზეთს მისცა, სადაც ის აცხადებს, რომ მან გააგზავნა შუამავალი ოფიცერი, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებას. შემდეგ ის წამოვიდა მათგან ორ შეიარაღებულ პირთან ერთად თითქოს და უფროსობისთვის მოლაპარაკების დეტალების გასაცნობად. გამოვიდა ისეთ ადგილზე, სადაც სპეცრაზმი იყო ჩასაფრებული, რომელმაც შეიარაღებულ პირებს ცეცხლი გაუხსნა. რეალურად თუ ხედავთ, მოლაპარაკება არ გამართულა. ეს მოცემულობა მე მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა და არათუ აირიდა სისხლისღვრა, სპეციალურად მოაწყო სპეცოპერაცია მათი ლიკვიდაციისთვის. მე ხელისუფლების ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მაქსიმალურად დროში გავწელავდი ამ ვითარებას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოვახდენდი მათზე და იარაღს დავაყრევინებდი. თუკი ის გამიხსნიდა ცეცხლს, ცხადია, მეც გავუხსნიდი. მე ეჭვი მაქვს, რომ ამ ჯგუფს არ ჰქონდა რაიმე განზრახვა, ევნო საქართველოს ხელისუფლებისთვის”.




