მოხის მუსლიმი თემი სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის გაუქმებას მოითხოვს

სოფელ მოხის მოსახლეობა პრემიერ-მინისტრს მიმართავს და მოხის კომისიის სასწრაფოდ გაუქმებას, სადავო ნაგებობის ბედის გარკვევის პროცესში რელიგიის სააგენტოს როლის გამორიცხვას და ისტორიული საკულტო ნაგებობების სამართლებრივი ბედის სამართლიან გადაწყვეტას ითხოვენ.

მათ დღეს, 25 ნოემბერს, ისტორიული ნაგებობის შენობასთან პარასკევის ტრადიციული ლოცვა ღია ცის ქვეშ წაიკითხეს და, ამავდროულად, საჯარო განცხადება გააკეთეს.

ამ საჯარო განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა დათანხმდნენ მოხის კომისიის ჩამოყალიბებას. მათვე განცხადებით, კომისიის წვრებად უნდა შერჩეულიყვნენ მოხის მუსლიმი თემის და მეზობელი ქრისტიანების ოთხ-ოთხი წარმომადგენელი, ასევე, სახალხო დამცველისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებიც. მათივე თქმით, რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ კომისია დააკომპლექტა არა შეთანხმების შესაბამისად, არამედ ისე, როგორც მისთვის იყო სასურველი.

“ამ პოლიტიკით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თემის და სამუფთო სამმართველოს გაუცხოებას უწყობს ხელს და უფსკრულს აჩენს ჩვენს შორის. ამ ფონზე შექმნილი კომისია შეუდგა საქმეს და ორი წლის ლოდინის შემდეგ არანაირი შედეგი არ ჩანს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, ვალდებული არიან, დაიცვან საკუთარი აღმსარებლობითი უფლებებიც და აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ მოხეში ღია ცის ქვეშ ლოცულობენ. მუსლიმი თემი ითხოვს, გადასცენ მოხის სადავო შენობა, სადაც რელიგიური რიტუალების განხორციელებას შეძლებენ.

“კატეგორიულად მოვითხოვთ აღნიშნული კომისიის გაუქმებას. ასევე, კატეგორიულად მოვითხოვთ ამ პროცესში რელიგიის სააგენტოს რაიმე ფორმით მონაწილეობის გამორიცხვას.

ხაზი კიდევ ერთხელ უნდა გაესვას იმას, რომ მოხეში მიმდინარე პროცესი არსებითად არ უკავშირდება ლოცვის უფლებას და ჩვენს მიერ რელიგიის თავისუფლების სარგებლობას. ჩვენ, ადგილობრივი მუსლიმი თემი ვითხოვთ ისტორიული საკულტო ნაგებობების სამართლებრივი ბედის სამართლიან გადაწყვეტას და მის დაბრუნებას, რესტიტუციას ისტორიული მესაკუთრისთვის.

ჩვენ გვესმის, რომ ისტორიული საკულტო ნაგებობების რესტიტუციის პრობლემა მუსლიმი თემის გარდა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც უდგათ, მათ შორის, ჩვენს კათოლიკე, სომეხ ძმებს ამიტომ მოხის მეჩეთისთვის ბრძოლა ზოგადად სამართლიანობისთვის ბრძოლაა და მხოლოდ ჩვენი ინტერესებითვის და ღირსებისთვის ბრძოლას ცდება.

შესაბამსიად, მივმართავთ საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს:

სანამ სისტემურად ისტორიული შენობების რესტიტუციის პრობლემის მოწესრიგებას მოახდენს, თავად აიღოს პასუხისმგებლობა მოხის მეჩეთის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნების პროცესზე. ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისაგან აღნიშნულ საკითხზე უმოკლეს ვადებში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. გამოიჩინოს კეთილი ნება. გაუსწოროს თვალი სიმართლეს და არსებული ხელოვნურად შექმნილი პრობლემა დროულად და სამართლიანად მოაგვაროს.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მოძმე მართლმადიდებლები, შენობის ისტორიული მესაკუთრის განსაზღვრის სამართლიან და ობიექტურ პროცესს, როვორც შექმნილი დავის გადაწყვეტის ერთადერთ სამართლიან გზას აღიარებენ და მხარს დაუჭერენ. სწორედ სამართლიანობის და მშვიდობის გზით შეიძლება მოხდეს კონფლიქტების მოგვარება და არა პრობლემის გადაფარვის და იგნორირების გზით,”- აღნიშნულია მუსლიმი თემის განცხადებაში.


 

[checklist]

[/checklist]