სამმა კომიტეტმა ჯანელიძის და დოლიძის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტეტებმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა”  მხარი დაუჭირეს.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს, ვიქტორ დოლიძეს და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, გიორგი ჯანელიძეს მოუსმინეს.

კანდიდატებმა შეხვედრის დასაწყისში მოკლე მოხსენებები გააკეთეს და სხდომაში მონაწილე პირებს საკუთარი შეხედულებები გააცნეს. რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს გასცეს პასუხი.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, უპრიანი იქნებოდა, კანდიდატებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ:

“გნებავთ, პირდაპირ ჩამოვწეროთ იმ გამოწვევების ნუსხა, რაც გველოდება. ჩვენი პირველი გამოწვევა, ჩვენი საფრთხე არის რუსეთის ფედერაცია, სამწუხროდ და საუბედუროდ, ეს საკითხი გრძელდება.  დღეს უფრო უპრიანი იქნებოდა, გამოწვევებზე საუბარი და იმაზე, როგორ უნდა მოვიგერიოთ ეს გამოწვევები. ”

მისივე აზრით, საქართველოს  შემუშავებული არ აქვს სტრატეგია და ტაქტიკა იმ საკითხზე, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია:

“მგონი, მიხვდით, რისი თქმა მინდა. ძალიან არ გამახსნევინოთ ფრჩხილები თუ ბრჭყალები. გასაგებია, რომ ჩვენი იურიდიული და პოლიტიკური უფლება არის, ნატოში განვახორციელოთ სწრაფვა ნებისმიერი სიჩქარით, მაგრამ რამდენად უპრიანია ეს ამ პერიოდში და ტაქტიკურად რამდენად შეიძლება უფრო გააზრებულად და ჭკვიანურად მოვიქცეთ, მგონი, ეს მთელი ქვეყნის სამსჯელო და საფიქრალია, არა მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტის, არამედ  მთლიანად პოლიტიკური სპექტრის.”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, როცა საქმე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეხება, საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს. მისივე განცხადებით, კანდიდატები მომზადებული არ იყვნენ:

“ჩვენ მხარს არც ერთ კანდიდატურას დავუჭერთ, მაგრამ თუ დაგამტკიცებენ ამ თანამდებობებზე, მომავალში გაითვალისწინეთ და  ამ პარლამენტში ყოველთვის მოდით მომზადებული პასუხებით ყველა შეკითხვებზე. საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს.”

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, “ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდი სრულად უჭერს მხარს მინისტრობის კანდიდატებს:

“სრულად გიჭერთ მხარს და ვიზიარებთ ამ კურსს და მიმართულებას, რაც თქვენ წარმოადგინეთ. საგარეო პოლიტიკა მომავალშიც ორიენტირებული იქნება უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, დეოკუპაციაზე და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებაზე.”

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი  9 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაუჭირა.  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა  10 ხმით დაუჭირა მხარი. ხოლო ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ასევე 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.