დასავლეთ საქართველოში მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში უცხოელი ენტომოლოგები ჩაერთვებიან

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის ყავისფერი მარმარა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავებაში მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები ჩაერთვებიან. ინფორმაციას ამის თაობაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მავნებლის გავრცელებისა და  ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილებისთვის მნიშვნელოვანია  მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების  სამოქმედო გეგმის შემუშავება და  ოპერატიულად განხორციელება. აღნიშნულ პროცესებში  საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს მაქსიმალურად ეფექტიანი გეგმის შემუშავებას“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარებმა  უცხოელ სპეციალისტებს  მავნებლის გავრცელების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ვიზიტის ფარგლებში, ენტომოლოგები  დასავლეთ საქართველოს ეწვევიან და  არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის  მოადგილის, გიორგი იაკობაშვილის განცხადებით,   ქართველი და უცხოელ სპეციალისტები ერთობლივად შეიმუშავებენ  მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებსა და   სამოქმედო გეგმას.

სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მეთხილეობის დარგის წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.  მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები  სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით დაიგეგმება

ყავისფერი მარმარა ფაროსანას გავრცელება მიმდინარე წლის ზაფხულში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. ის ძირითადად აზიანებს  თხილს და სხვა სასოფლოსამეურნეო კულტურებს. აქტიურობის პერიოდში 100-ზე მეტი სახეობის მცენარეს ანადგურებს.