დამატებით 104 მილონ ლარზე მეტი კომერციულ ბანკებს

2011 წლის 10 თებერვალს ეროვნული ბანკის 7-დღიან N6 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 104 300 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა შვიდ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.50%, მაქსიმალური – 7.82%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.65%–ით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის სექტემბრიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი – ერთკვირიანი რეფინანსირების სესხები, რაც დაკავშირებული იყო საბანკო სისტემაში ჭარბი მოკლევადიანი ლიკვიდობის მდგომარეობიდან ლიკვიდობის დეფიციტის მდგომარეობაზე  გადასვლასთან. 

რეფინანსირების სესხები ბანკებზე გაიცემა აუქციონის წესით. სესხის გირაოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატები, სახელმწიფო ობლიგაციები, სახაზინო ვალდებულებები, სახაზინო ობლიგაციები, საერთაშორისო საბანკო გარანტია, ბანკების სასესხო აქტივები. 

რეფინანსირების ინსტრუმენტის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა. ეროვნული ბანკი არის ბაზარზე მოკლევადიანი ლიკვიდობის ერთადერთი მიმწოდებელი, ამდენად მას აქვს საშუალება, რეფინანსირების ინსტრუმენტით მიაღწიოს ბანკთაშორის ბაზარზე სასურველ საპროცენტო განაკვეთს.

2010 წლის აპრილიდან ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა ახალი ინსტრუმენტი გარანტირებული რეფინანსირების სესხი. აღნიშნული ინსტრუმენტით კომერციულ ბანკებს საშუალება აქვთ, მიიღონ სესხი გარანტირებულად, აუქციონის გარეშე, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში. საპროცენტო განაკვეთი მუდმივმოქმედ რეფინანსირების სესხზე განისაზღვრება, როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს პლიუს ერთი.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Exit mobile version