ჭიაბერაშვილი: მთავრობამ არ იცის, ლარის კრიზისიდან გამოსავალი სად და როგორ მოძებნოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა მთავრობის დღევანდელ განცხადებას ლარის კრიზისთან დაკავშირებით. ჭიაბერაშვილის თქმით, ტყუილია ყველა ის პუნქტი, რასაც მთავრობა აღწერს ლარის გაუფასურების მიზეზად. ასევე, ბუნდოვანია მთავრობის შესაბამისი დაპირებები.

“სამწუხაროდ, ჩვენს ეკონომიკაში ზუსტად ის ხდება, რაზეც წლებია მთავრობას ვაფრთხილებთ, რომ ბიუჯეტის ასეთი უყაირათო და დეფიციტური ხარჯვა, შიდა ვალების აღება, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა, ქვეყანას ასეთ სავალალო შედეგებამდე მიიყვანდა… დღეს  ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს მთავრობის განცხადება. ის გაჯერებულია ტყუილებით და არაკომპეტენტური მოსაზრებებით. მანამდეც არაერთი ტყუილი მოგვისმენია. გაგახსენებთ, რომ 2015 წლის თებერვალში, როდესაც ლარი მკვეთრად დაეცა, კვირიკაშვილმა და ხადურმა ქამრების შემოჭერის პროგრამა გამოაცხადეს, მაგრამ არაფერი ამ მიმართულებით არ გაკეთებულა. ისინი დღეს აცხადებენ, რომ იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მთავრობაში მოვიდა, ეკონომიკური ზრდა განულებულია.

ამიტომ, დღესაც ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას თავი დაანებოს ტყუილებს და  ბიუროკრატიული ხარჯები შეკვეცოს, ბიუჯეტი ყაირათიანად და თანაზომადად ხარჯონ, შეწყვიტონ შიდა ვალების აღება და გადადგან ნაბიჯები ისეთი ეკონომიკური პოლიტიკისკენ, რომელიც მათ მავნებლურ ნაბიჯებს გაანეიტრალებს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მან პუნქტობრივად განიხილა მთავრობის დღევანდელი განცხადება:

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობა ერთსა და იმავეს ამბობს და რეალურად არაფერს აკეთებს. 

“მათ არ იციან, მდგომარეობიდან გამოსავალი სად და როგორ მოძებნონ,“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა, როცა 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 15 ნოემბრის გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2.4890 ლარი ღირს.