ნათელაშვილი: ლარის კრიზისი შეიწირავს ქვეყანას და დაამხობს “ოცნების” მმართველობასაც

შალვა ნათელაშვილი ლარის გაუფასურებას ბიძინა ივანიშვილს აბრალებს და მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდზე წინასაარჩევნოდ “დახარჯულ მილიონებს ასმაგად ამოიღებს ხალხის ჯიბიდან”. ამის შესახებ ლეიბორისტების ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნათელაშვილი ამბობს, ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ ოფშორულ ზონებში დააბანდეს ვალუტა, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია:

“ეროვნული ვალუტა ლარის კატასტროფული ვარდნა გამოწვეულია მმართველი ოლიგარქიის მხეცური სურვილით, ასმაგად ამოიღოს არჩევნებში დახარჯული მილიონები. ჩვენ ამის თაობაზე მოსახლეობას წინასწარ ვაფრთხილებდით. ხელისუფლების თავხედობა იქამდე მივიდა, რომ პრემიერი დადებითად აფასებს ამ ტრაგიკულ პროცესს. მოვუწოდებ რეჟიმის მეთაურ, მილიარდერ ივანიშვილს და მის ბიზნესკრიმინალიტეტს, შემოიტანონ უკან ქვეყნიდან გაზიდული ვალუტა, რომელიც ოფშორებში დააბანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კრიზისი შეიწირავს არა მარტო ქვეყანას, არამედ დაამხობს მათ მმართველობასაც, რომელიც ამ ფულებით უკანონოდ მოიპოვეს.”

ლეიბორისტების ლიდერი ამბობს, რომ მმართველ გუნდს ასევე ჰყავს 100 ათასამდე კოორიდანატორი დასაფინანსებელი, რისთვისაც ვალუტის გაუფასურება ყველაზე მოკლე გზაა მათთვის.

“ეს არის რეალობა, მეგობრებო: როდესაც რეიტინგდაკარგულ, ხალხისთვის საძულველ პარტიას არჩევნებში დასაფინანსებელი ჰყავს თავისი 100 ათასი კოორდინატორი; როდესაც სოციალურად დაუცველ–გაუბედურებული ადამიანების მოსასყიდად დახარჯავს კიდევ ასეულობით მილიონებს – ბუნებრივია, ფინანსურ სისტემაში რჩება უზარმაზარი ვაკუუმი, რომელიც უნდა შეივსოს და მინიმუმ იმის დანახარჯი მაინც უნდა ამოიღონ, რაც გასწიეს. ამისათვის ყველაზე მოკლე გზაა ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ამ შუალედური განსხვავების ამოღება–მითვისება,” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

მისი თქმით, ლარის გაუფასურებით პირველ რიგში ბანკები იღებენ მოგებას. ნათელაშვილი ამბობს, რომ ასე აკეთებდნენ გასულ წლებშიც:

“პირველი გაუფასურების დროს გამოვიდა “რიკოს” წარმომადგენელი და გულახდილად განაცხადა, რომ 5 მილიონი მიიღეს მოგება, რომელიც არ გვეკუთნის და ეს ზარალიაო. თუმცა ასობით მილიონის მოგებაზე იგივე არ განუცხადებიათ პაპაშვილებს, ხაზარაძეებს, ივანიშვილის ბანკს, გილაურებს და ყველას მათ, ვის ჯიბეშიც ახლა ჩხრიალ–ჩხრიალით მიედინება ამ საწყალი ხალხის ჯიბიდან ამოღებული ლუკმაპური. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი დღეს არის იმ ვალუტის უკან შემოტანა, რომელიც ოფშორულ ზონებში გადამალეს ივანიშვილებმა, კალაძეებმა, ხაზარაძეებმა, პაპაშვილებმა და გილაურებმა. ეს არის ცოცხალი ვალუტა, რომელსაც უნდა ეტრიალა ქვეყნის ფინანსურ–ეკონომიკურ სისტემაში და არ დაეშვა ლარის კატასტროფა.”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყანაში დადებითი პროცესით – გაზრდილი იმპორტითაა განპირობებული და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. მისი თქმით, მთავრობა რამდენიმე დღეში ეროვნულ ბანკთან ერთად ამ კუთხით არსებულ გეგმებს გაასაჯაროებს.

აგვისტოს შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა, როცა 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარს შესადგენდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 14 ნოემბერის გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2.4899 ლარი ღირს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.