ბადრი მაისურაძე ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იქნება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეტრის სამხატვრო ხელმძღავნელი ბადრი მაისურაძე დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან ერთად მივიდა ოპერაში და დასს შეხვდა. თეატრის ცნობით, საქმიანობის შესრულებას იგი 14 ნოემბრიდან შეუდგება.

მიხეილ გიორგაძეს ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ბადრი მაისურაძის კანდიდატურა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილმა დროებითმა სარეკომენდაციო საბჭომ წარუდგინა. გადაწყვეტილება საბჭომ 27 ოქტომბერს, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით მიიღო.

ოპერის ყოფილი ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი მინისტრმა თანამდებობიდან ივლისში გაათავისუფლა, რასაც წინ უძღოდა ოპერის დასსა და სამხატვრო ხელმძღვანელს შორის რამდენიმეთვიანი დაპირისპირება. მომღერალთა და ორკესტრის ნაწილმა კინწურაშვილის გადაყენების მოთხოვნით აქცა კულტურის სამინისტროსთანაც გამართა.

ბადრი მაისურაძე 1994 წლიდან დღემდე მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, 2002 წლიდან კი გალინა ვიშნევსკაიას საოპერო სიმღერის ცენტრის პროფესორია. მისი საერთაშორისო კარიერა 1993 წელს დაიწყო, როდესაც ლიეჟის ოპერის თეატრში შეასრულა ცრუ დიმიტრის როლი მუსორგსკის ოპერაში „ბორის გოდუნოვი“. მას შემდეგ 40-ზე მეტი პარტია შეასრულა მსოფლიოს მრავალ წამყვან თეატრში. 2004 წელს ბადრი მაისურაძემ მონაწილეობა მიიღო მილანის ლა სკალას საოპერო სეზონის გახსნაში.