შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებზე ძალადობის გამო სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა: 33 წლის ჭ. ლ., 33 წლის ჩ.ჟ და 32 წლის ჰ.ჩ.
2 ნოემბრის საღამოს და 3 ნოემბრის დილას ადგილობრივ მოსახლეობასა და მუშებს კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ: მუშების ცნობით, დამსაქმებლებმა მათ საცემად არმატურა, დანები, ხის ჯოხები და ხორცის საკეპი ნაჯახები გამოიყენეს. მათი ცნობით, 7 ადამიანი ხაშურისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
გამოძიებამ კი დაადგინა, რომ დაკავებულებმა 3 ნოემბერს “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს”.
თავდაპირველად მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ამჟამად საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით).