კომისიის გადაწყვეტილებით, მოხეში შენობა არც მუსლიმებს და არც მართლმადიდებლებს გადაეცემათ

სოფელ მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მოხეში შენობა კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ გადავა და სააგენტო შეიმუშავებს სამომავლოდ კონცეფციას, თუ რა ფუნქცია შეიძლება დაეკისროს შენობას. კოიმისიამ უმჯობესად მიიჩნია, რომ ის არც მუსლიმებისა და არც მართლმადიებლების საკუთრებაში გადავა. სახელმწიფო კომისიამ გადაწყვეტილება დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

როგორც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, კომისიის გადაწყვეტილება საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის აღმოფხვრისკენაა მიმართული.

“ამ შენობასთან დაკავშირებით სააგენტო შეიმუშავებს კონცეფციას, თუ როგორ უნდა იყოს დაცული [შენობა], და კომისიას წარუდგენს თავის მოსაზრებებს უახლოეს მომავალში, თუ რა განვითარების პერსპექტივები შეიძლება არსებობდეს. თუ კომისია მოიწონებს, კონცეფცია საჯარო გახდება. ამ დროისათვის შენობის განვითარების ძველი ვერსიები არ განიხილება – ყველაფერზე იმუშავებს სააგენტო.

პირველ რიგში, დაძაბულობის აღმოფხვრისათვის იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება თითოეული კომისიის წევრის მხრიდან. არსებობს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში მოსაზრება, რომ ეკლესია იყო თუ მეჩეთი იყო – ეს საკითხი ჯობია, რომ მიენდოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს და მან თქვას სამომავლოდ როგორ შეიძლება იყოს დაცული შენობა,” – აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, მოხეში მცხოვრებ მუსლიმ თემს კომისია ორ ვარინტს სთავაზობს: კომისია მზად არის, ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართოს და შეისყიდონ ის შენობა, სადაც ახლა ლოცულობენ მუსლიმები, ან იყიდონ მიწა, სადაც აშენდება მეჩეთი და გადასცენ მუსლიმებს საკუთრებაში. გადაწყვტილება ადგილობრივებმა თავად უნდა მიიღონ.

კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე, რომელიც აცხადებს, რომ საჯარო ინტერესი და დაძაბულობის თავიდან აცილება ვერ გაამართლებს იმ ფაქტს, რომ კომისიამ უარი თქვა ისტორიული შენობის ისტორიულ-კონფესიურ წარმომავლობის შესწავლაზე და ისტორიული მესაკუთრისთვის მის დაბრუნებაზე.

მიქელაძის განცხადებით, ისტორიული შენობის ნაცვლად ალეტრნატიული ქონების შეთავაზება იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როდესაც მისი ფაქტობრივი დაბრუნება შეუძლებელია მისი განადგურების ან კონკრეტული შენობის მაღალი საჯრო ინტერესის მქონე ობიექტად გამოყენების გამო.

“სახელმწიფომ რელიგიური ნაგებობების ძირითადი ნაწილი დაუბრუნა მართლმადიდებელ ეკლესიას, თუმცა იგივე არ გაუკეთებია სხვა რელიგიების მიმართ, რის გამო ეს პოლიტიკა ცალსახად დისკრიმინაციულია. მოხის კომისიამ არც კი იმსჯელა შენობის მესაკუთრის დადგენის და მისი დაბრუნების საკითხებზე, რითაც რესტიტუციის შესაძლებლობა იმთავითვე გამორიცხა” – ამბობს მიქელაძე.

კომისიის გადაწყვეტილება სავალდებულო არ არის, ის სახელმწიფო გადაწყვეტილებაც არ არის, ამიტომ ადგილობრივ მუსლიმ თემს შეუძლია საკუთარი დავის გაგრძელება.

თამთა მიქელაძის განცხადებით, სამუფტო სამმართველოს მიერ ამ გადაწყვეტილებაზე დათანხმება მუსლიმ თემსა და სამმართველოს შორის დაპირისპირების მაგალითია და რელიგიის სააგენტო სამუფტოს სამმართველოს აკონტროლებს, რადგან კომისიამ მის შემადგენლობაში არ შეიყვანა ის პირები, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმი თემი მოითხოვდა, და ის მხოლოდ სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლებით დააკომპლექტა.

2 ნოემბერს, EMC-ის სარჩელი მოხეში მუსლიმების უფლებების დარღვევასთან დაკაშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

მოვლენების ქრონოლოგია: