ახალი ამბები

„მაესტრომ“ „სილქნეტს“ უჩივლა

7 აგვისტო, 2012 • • 1136
„მაესტრომ“ „სილქნეტს“ უჩივლა

“Must carry”–ის პრინციპი, რაც საარჩევნოდ საკაბელო ოპერატორების მიერ ყველა ქართული საინფორმაციო ტელეარხის სავალდებულო ტრანსლირებას გულისხმობს, საქართველოში მიმდინარე წლის 1 აგვისტოს ამოქმედდა. სწორედ ამ დღიდან უნდა ჩაერთოთ მაუწყებლობის საკაბელო და სატელიტურ ტრანზიტორ კომპანიებს საკუთარ ქსელში საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ქართული ტელეარხები. 

 

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განმარტებით, ყველა ტელეკომპანიას, რომელსაც “მასთ ქერის” პრინციპით სარგებლობა სურდა, უნდა მიემართა საკაბელო ოპერატორებისთვის განცხადებით, მათთვის უნდა მიეწოდბინა საკუთარი სიგნალი და სწორედ ამის შემდეგ ჩართავდა საკაბელო კომპანია აღნიშნულ ტელეარხს. 

 

“მაესტრომ” თავიდანვე განაცხადა, რომ “მასთ ქერისთან” დაკავშირებული ჩანაწერი საარჩევნო კოდექსში ტელეკომპანიის ჩასმას  საკაბელო კომპანიას  საკუთარ ქსელში ავალდებულებს და ტელეარხი ვალდებული არაა, მას ჩართვის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს. შესაბამისად, “მაესტრომ” გადაწყვიტა, რომ ამ განცხადებით არავის მიმართავდა.

 

“მაესტროს” პრეტენზიებს რამდენიმე დღის წინ განცხადებით უპასუხა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ.

 

“კომისია მოუწოდებს ტელეკომპანია „მაესტროს“, რომ იხელმძღვანელოს საარჩევნო პერიოდში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი საჯარო ინტერესით, ნუ შექმნის „must carry”-ის პრინციპის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ ხელოვნურ ბარიერებს, დროულად მიმართოს და მიაწოდოს სამაუწყებლო სიგნალი საკაბელო კომპანიებს, რათა მათ შეძლონ ტელეკომპანია „მაესტროს“ სამაუწყებლო არხის საკუთარი აბონენტებისათვის შეთავაზებულ პაკეტებში განთავსება და მაყურებლამდე მიტანა.

 

კომისიამ არაერთხელ განმარტა, რომ მაუწყებელმა უნდა მიიტანოს სამაუწყებლო სიგნალი საკაბელო კომპანიამდე და უნდა მოსთხოვოს (და არა სთხოვოს) მას სამაუწყებლო არხის საკაბელო პაკეტში ჩასმა. კომისიას რჩება შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელთა მიერ კომისიის განმარტებების დამახინჯება (მოთხოვნის „ხვეწნა-მუდარის წერილად“ მიჩნევა) მიზნად ისახავს პრობლემის ხელოვნურად შექმნას იქ, სადაც ეს პრობლემა არ არსებობს”,– ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

 

“ეს არ არის არგუმენტი, ეს არის ზღაპარი. კანონში არსად არ წერია, რომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ სიგნალი საკაბელოებს და ვთხოვოთ ქსელში ჩასმა, მათ ეს თავისით უნდა გააკეთონ” – განუცხადა მამუკა ღლონტმა “ნეტაზეთს”. 

 

“მაეტსროს” პოზიციას იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზციები.  კოალიცია “მედიის ადვოკატირბისთვის” მიიჩნევს, რომ ასეთი მიმართვა ტელეკომპანიის მხრიდან საჭირო არ უნდა იყოს და რადგან კანონი ავალდებულებს, სწორედ მაუწყებლობის ტრანზიტორმა უნდა უზრუნველყოს საკუთარ ქსელში საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის  მქონე  ტელეარხების ჩართვა.

 

კომპანია “სილქნეტმა” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია “ნეტგაზეთს” წერილობით მოაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 


“კომპანია „სილქნეტი“ კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, აღასრულოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულება და განათავსოს ყველა ლიცენზირებული მაუწყებელი სილქ ტვ-ის მომხმარებელთა პაკეტში. ამ დროისათვის მეცხრე არხი უკვე მიეწოდება ჩვენს 65 000 აბონენტს. მიმდინარეობს ტექნიკური ინფორმაციის გაცვლა ტელეკომპანიებთან „25-ე არხი“ და „თრიალეთი“.

რაც შეეხება ტელეკომპანია “მაესტროს” მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებთ ჩვენ გვსურს გავასაჯაროვოთ წერილი, რომელიც გაეგზავნა გუშინ ა/წ 6 აგვისტოს  სტუდია მაესტროს გენერალურ დირექტორს ბატონ ილია კიკაბიძეს”.

 

“სილქნეტიდან” გამოგზავნილ პასუხს თან ახლავს კომპანიიდან “მაეტსროს” გენერალური დირექტორისთვის, ილია კიკაბიძისთვის გაგზავნილი წერილი, რომლის მიხედვითაც, ქსელში ჩასართავად “სილქნეტი” ტელეარხისგან ტექნიკურ პარამეტრებს და სიგნალის მიწოდებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი