რა ცვლილებები გამოიწვია თბილისის საკრებულოს შემადგენლობაში საპარლამენტო არჩევნებმა

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო თბილისის საკრებულოს შემადგენლობაში- როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპორციულ ნაწილში- ცვლილებებია. საკრებულოში ენმ-ის და ქართული ოცნების პარტიული სიებიდან თითო-თითო ადამიანი ჩანაცვლდება, ასევე, ახალი მაჟორიტარები ეყოლება ისნის, გლდანის, კრწანისის ოლქებს, სამივე მათგანი კვლავაც ქართული ოცნების წარმომადგენელი იქნება. ჯამში, თბილისის საკრებულოში ხუთი ახალი წევრი იქნება.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე სამი მაჟორიტარის უფლებამოსილებას ცნობენ: კრწანისის მაჟორიტარი ქეთევან მამულაშვილია, რომელმაც შეცვალა ბექა ნაცვლიშვილი. ეს უკანასკნელი პარლამენტის წევრი გახდა; ისნის ახალი მაჟორიტარია ზურაბ ქადაგიძე, რომელმაც ირაკლი აბუსერიძე შეცვალა, რომელიც ასევე პარლამენტის წევრი გახდა; პარლამენტის წევრად ნინო გოგუაძის არჩევის შემდეგ გათავისუფლდა თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარის სავარძელი, რომელიც გულია გოცირიძემ დაიკავა.

ზურაბ ქადაგიძე, რომელმაც “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს შუალედური არჩევნები ისანში მოიგო, არის ტელეკომპანია “ერთსულოვნების” ყოფილი წამყვანი და “იმედის” პროგრამა “ღამის შოუს” ყოფილი მსახიობი. იგი მსახიობად მუშაობდა “თეატრში ათონელზე”, ასევე იყო თბილისის ერთ–ერთი სკოლის ლიტერატურული წრის ყოფილი პედაგოგი. ქადაგიძე სხვადასხვა დროს გახლდათ ორგანიზაციების წევრი; 20012 წლიდან დღემდე არის არასამთავრობო ორგანიზაცია “ახლაგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობა – 1921″–ის ხელმძღვანელი. ზურაბ ქადაგიძე ავტორია წიგნებისა, “დესპანი” და “ექსპოზიცია”, ხოლო 2011 წელს მიღებული აქვს გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემიის III ხარისხის სერტიფიკატი მხატვრულ ლიტერატურულ ჟანრში.

“ქართული ოცნების” კიდევ ერთი ახალი წევრი თბილისის საკრებულოში 24 წლის ქეთევან მამულაშვილა, რომელმაც 2014 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა დაამათავრა. 2013 წლიდან იყო “საქართველოს კონსერვატიურლი პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2014 წელს მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრის თანაშემწედ სამართლებრივ საკითხებში; ამავე წლიდან არის საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის მოადგილის თანაშემწე. 2015 წელს აირჩიეს ევროპუელი ახალგაზრდა კონსერვატორების (EYC) პრეზიდენტად.

გულია გოცაძის ბიოგრაფიული ცნობები პარტიას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს.

ჯერ ოფიციალურად უცნობია, თუ ვინ შეცვლის საკრებულოში ქართული ოცნების პროპორციული სიიდან გასულ რატი იონათამიშვილს, რომელიც ასევე პარლამენტის წევრი ხდება. ცესკოში წარდგენილი სიის მიხედვით, იონათამიშვილის შემცვლელი ნიკოლოზ დერიუგინი უნდა იყოს. ნიკოლოზ დერიუგინი ყოფილი კალათბურთელია. სხვადასხვა დროს თამაშობდა თბილისის “დინამოში” “ვითაში” სდასუ–ში, უნგრეთის “მაფში” და სლოვაკეთის “სლოვაკოფარმაში”. დერიუგინი იყო სსრკ–ის ნაკრების წევრი, ხოლო შემდეგ- დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების ცენტრი. სპორტულ კარიერაში მოგებული აქვს არაერთი ტიტული, მათ შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები. დერიუგინი არის საქართველოს ოლიმპიური კლუბის წევრი და ღირსების ორდენის კავალერი.

რაც შეეხება ენმ-ის პროპორციულ სიას, მას შემდეგ, რაც ირაკლი აბესაძე პარლამენტის წევრი ოფიციალურად გახდება, მას დავით ავალიანი შეცვლის.

თბილისის საკრებულო შედარებით ადრე დატოვა “ქართული ოცნებიდან” გლდანის მაჟორიტარმა კობა კობალაძემ, რომლის ადგილი ბორია ფირცხელიანმა დაიკავა.

2014 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემით თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების 13, ნაციონალური მოძრაობის 7, ნინო ბურჯანაძის პარტიის 3 და პატრიოტთა ალიანსის 2 წევრი შევიდა.

ქეთევან მამულაშვილი, ზურაბ ქადაგიძე, გულია გოცირიძე – ოცნების ახალი სახეები საკრებულოში

ქეთევან მამულაშვილი, ზურაბ ქადაგიძე, გულია გოცირიძე – ქართული ოცნების ახალი წევრები თბილისის საკრებულოში