“პანორამა თბილისის” საქმის არსებით განხილვას სასამართლო 17 ნოემბერს დაიწყებს

27 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაიწყო “პანორამა თბილისის” საქმის განხილვა, — არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) იმ  ბრძანებების უკანონოდ ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა მრავალფუნქციური სასტუმრო-კომპლექსის, “სოლოლაკის ბაღებისა” და “სოლოლაკის მაღლობის” მშენებლობა.

საიას მოპასუხე მხარეები სასამართლოში არიან სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

“პანორამა თბილისი” ყოფილი პრემიერ-მინისტრის და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია. პროექტი ითვალისწინებს 4 მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას: 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი, 4. ერეკლე II-ს მოედანი. ეს კომპლექსები ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს.

მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ პანორამა თბილისის პროექტი თბილისის ისტორიულ იერსახეს დაარღვევს. უკანასკნელი წლების განმავლობაში პროექტის წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

საიას პოზიციით, ორგანიზაციის მიერ კულტურის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ ამ ადგილებში  – სოლოლაკის მაღლობზე და სოლოლაკის ბაღებში მშენებლობა არ შეიძლება და, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა არ უნდა გაეცა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ პროექტ „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით მშენებლობის სამი ნებართვა გასცა. აქედან საიას გასაჩივრებული აქვს 2 ნებართვის გაცემა: “სოლოლაკის ბაღებსა” და “სოლოლაკის მაღლობზე”.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა 27 ოქტომბერს გაიმართა.  მოსამართლე ივანე აგნიაშვილმა დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის, სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს, შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც პროცესში მესამე პირად ჩაერთვებიან თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, “სოლოლაკი ჰილზი” და “სოლოლაკი რაიზი”. მოსამზადებელ სხდომას არ დასწრებია ერთ-ერთი მოპასუხის,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, წარმომადგენელი.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესი 2016 წლის 17 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება, რომელზედაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.