ახალი ამბები

თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას 25 ნოემბერს აირჩევენ

24 ოქტომბერი, 2016 • 1623
თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას 25 ნოემბერს აირჩევენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2016 წლის 25 ნოემბერს გაიმართება, რის შედეგადაც აირჩევა სტუდენტური თვითმმართველების 140 დელეგატი (დელეგატთა საბჭო).

არჩევნების ჩატარების თარიღი დღეს, 24 ოქტომბერს, უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე თსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ბახვა კვირიკაშვილმა გამოაცხადა. როგორც ბახვა კვირიკაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტების არჩევა პირდაპირი წესით მოხდება.

თუ აქამდე ფაკულტეტზე აირჩეოდა 20 დელეგატი და შემდეგ სწორედ ისინი წყვეტდნენ, ვინ შესულიყო საფაკულტეტო საბჭოში, ახლა აქ, არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატები შევლენ.

საფაკულტეტო საბჭო შედგება 40 წევრისგან, რომელთა არანაკლებ ¼-ს სტუდენტები შეადგენენ – საფაკულტეტო საბჭოში მხოლოდ 10 დელეგატი (სტუდენტი) შედის. საბჭოს სხვა წევრები აკადემიურ პერსონალს წარმოადგენენ.

I-II კურსებზე ირჩევენ 7-7 დელეგატს, III-IV კურსებზე კი — სამ-სამ დელეგატს. ბახვა კვირიკაშვილის თქმით, ცვლილების თანახმად, საფაკულტეტო საბჭოში შემავალი დელეგატები პირდაპირი წესით აირჩევიან: ამიერიდან I კურსზე არჩეული 7 დელეგატიდან ყველაზე მაღალი შედეგის მქონე 4 დელეგატი პირდაპირი შევა საბჭოში, II კურსიდან — ყველაზე მაღალი შედეგის მქონე სამი დელეგატი, III კურსიდან – 2, IV კურსიდან კი — 1.

როგორც თვითმმართველობის პრეზიდენტი ამბობს, ეს წესი ნებისმიერს მისცემს საშუალებას, თანაბარ პირობებში შეძლოს საფაკულტეტო საბჭოებში საკუთარი კანდიდატურა გაიყვანოს და პოზიციები დააფიქსიროს. 

არჩევნები თსუ-ის ყველა ფაკულტეტზე ტარდება: 6 ფაკულტეტზე 20-20 დელეგატს აირჩევენ, ხოლო მედიცინის ფაკულტეტსა და ტურიზმის სკოლაში — ათ-ათს, ჯამში, 140 დელეგატს.

თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტმა, შალვა საბაურმა და პაატა ბახტურიძემ 2016 წლის 18 მაისს დატოვეს დაკავებული თანამდებობები, რამაც თვითმმართველობის მანდატი კიდევ 6 თვით, ნოემბრამდე, გაახანგრძლივა. ამჟამად თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშილია.

რაც შეეხება თვითმმართველობის მომავალ პრეზიდენტს — მის კანდიდატურას 140 დელეგატის მესამედი (47 დელეგატი) წარადგენს და ⅔ დაამტკიცებს. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი წარადგენს ვიცეპრეზიდენტს, რომელსაც მარტივი უმრავლესობით ირჩევს დელეგატთა საბჭო – 140 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი