ახალი ამბები

სამშენებლო კომპანიის დირექტორის თქმით, მუშა მისივე დაუდევრობით დაიღუპა

20 ოქტომბერი, 2016 • 1853
სამშენებლო კომპანიის დირექტორის თქმით, მუშა მისივე დაუდევრობით დაიღუპა

თბილისში, პოლიტკოვსკაიას #57-ში ბინის აშენებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “სოლო დეველოპმენტის” დირექტორი გიორგი აფციაური ამბობს, რომ 26 წლის თემურ გურგენაშვილი მისივე დაუდევრობით დაიღუპა.

გიორგი აფციაურის თქმით, ამინდის გაუარესების გამო ობიექტზე შეზღუდვები იყო დაწესებული:

“შრომის უსაფრთხოება არაფერ შუაშია. ამინდების გაუარესების გამო ბოლო 10 დღეა სამუშაოები შეზღუდულ რეჟიმში მიმდინარეობდა, პირველი საათიდან ექვს საათამდე. დაუდევრობაა, რომ პირველ საათამდე არ გაჩერდა, თერთმეტ საათზე თვითნებურად შევიდა ობიექტზე და ფეხი დაუცდა. არ უნდა შესულიყო ობიექტზე.”

მისივე განცხადებით, შემდეგში წესების დარღვევის შემთხვევაში მუშებს ხელფასს დაუქვითავენ:

“მძიმე მაგალითია ყველასთვის. ასე დაუდევრად, ასე დაუმორჩილებლობით სავალალო მდგომარეობა დადგა.  ახლა კონტროლს გავამკაცრებთ. გავატარებთ ზომებს, სახელფასო სარგოდან დაკლებას, გათავისუფლებას და ა.შ.”

აფციაური ასევე ამბობს, რომ პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს.

“ყველა ხარჯს ჩვენს თავზე ვიღებთ, საკადრის პატივს მივაგებთ, როგორც კარგ მეგობარს და თანამშრომელს. სამწუხაროა, რომ სიცოცხლეს ვერ ავანაზღაურებთ.”

26 წლის თემურ გურგენაშვილმა თბილისში, პოლიტკოვსკაიას #57-ში მდებარე ობიექტის მშენებლობაზე მუშაობა ზაფხულში დაიწყო. იგი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობდა და დღეში 25 ლარს იღებდა. 18 ოქტომბერს, წვიმიან ამინდში, თემურ გურგენაშვილს მეორე სართულის  აივანზე  ფეხი დაუცდა და გადმოვარდა. იგი გუშინ, 19 ოქტომბერს, ღამით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება. კოდექსის მიხედვით, ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ან უამისოდ.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის [EMC] მონაცემებით, 2011-15 წლებში საქართველოში 212 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 691 კი დაშავდა. სახალხო დამცველის ოფისში მიიჩნევენ, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნაკლებად საინტერესოა სახელმწიფოსთვის, ვიდრე ბიზნესინტერესები. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შრომის უსაფრთხოების კანონს ქვეყანა 2017 წელს მიიღებს.

ამავე თემაზე: შრომითი უფლებები ჰაერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი