TDI მოხეში მუსლიმთა უფლებებზე ხელისუფლებას მიმართავს

სოფელ მოხეში მუსლიმების უფლებებთან დაკავშირებით განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია TDI  ავრცელებს და მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარ პროკურატურას და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართავს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მუსლიმებმა 15 ოქტომბერს ლოცვა სადავო შენობის მიმდიბარე ტერიტორიაზე დაიწყეს, რადგანაც პოლიციამ გუშინ გადაუხურავ შენობაში შესასვლელები დაკეტა და პოლიციის დამცავი ლენტა შემოავლო.

საუბარია შენობაზე, რომელიც ადგილობრივი მუსლიმების თქმით, ადრე მეჩეთს წარმოადგენდა და ამჟამად ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. ადგილობრივი მუსლიმები აცხადებენ, რომ სამლოცველო არ აქვთ და ხელისუფლებას მის გადაცემას რამდენიმე წელია თხოვენ. თუმცა, რადგანაც შენობაზე პრეტენზიას მართლმადიდებელი ეკლესიაც აცხადებს, საკითხს 2014 წლიდან მოყოლებული რელიგიურ საკითხთა სააგენტო სწავლობს.

TDI ამ სააგენტოს მუშაობას არაეფექტურს უწოდებს:

TDI

“აღსანიშნავია, რომ 2014 წლის დეკემბერში, სადავო შენობის წარმომავლობის დადგენის საბაბით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისია“ (შემდგომში “კომისია”), რომელიც დაკომპლექტდა ქრისტიანი და მუსლიმი თემისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებით. კომისიას სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში, მუსლიმი მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად, ვერ მოხვდნენ თემის ნდობით აღჭურვილი მუსლიმი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახალხო დამცველიც კი, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობაზე უარი განუცხადა.

აღნიშნული კომისია სრულიად არაეფექტური ორგანოა, რომელსაც შექმნის დღიდან, დასახული არც ერთი მიზნისთვის არ მიუღწევია და შენობის ისტორიული კუთვნილების დადგენისა და პრობლემის აღმოფხვრისთვის საჭირო არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ამასთანავე, კომისიის საქმიანობა გაუმჭვირვალეა და მისი მუშაობის შესახებ სააგენტო საზოგადოებას ინფორმაციას არ აწვდის”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 15 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ:

“სააგენტოს 2015 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ კომისია საანგარიშო წელს სამჯერ შეიკრიბა. მათი განცხადებით, კომისიის მუშაობის მთავარ მიღწევას  ადგილობრივ მოსახლეობაში “პროცესის დერადიკალიზაცია” წარმოადგენს.

კომისიის შექმნის დღიდანვე ცხადი გახდა, რომ სახელმწიფოს მიერ საკითხის პოლიტიკურ განზომილებაში გადატანა მის გაჭიანურებასა და მიჩქმალვას ემსახურებოდა, რათა, ერთი მხრივ, ხელისუფლებას თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა არსებულ პრობლემაზე, ხოლო, მეორე მხრივ,  მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის საკუთარი ლოიალობა დაემტკიცებინა”.

ორგანიზაციის განცხადებით, 2012 წლიდან ხელისუფლების მიერ მუსლიმთა უფლებების შელახვამ, დისკრიმინაციამ და დევნამ სისტემური ხასიათი მიიღო, რის გამოც TDI  მიმართავს მთავრობას, შსს, პროკურატურას და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას და სთხოვს:

საქართველოს მთავრობას:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

საქართველოს მთავარ პროკურატურას:

ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას:


მოხეში განვითარებულ მოვლენებს ასევე გამოეხმაურა ომბუდსმენი და არასამთავრობო ორგანიზაცია EMC.

მოხეში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია: