დღეს მოხეში მუსლიმებმა სადავო შენობის გარეთ ილოცეს

დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მუსლიმებმა სადავო შენობის გარეთ ილოცეს. მოხეში მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.

ამ ინფორმაციას და შესაბამის ფოტომასალას  ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გუშინ, 14 ოქტომბერს მოხეში სადავო შენობის კარი პოლიციამ მას შემდეგ აჭედა, რაც იქ მუსლიმები მივიდნენ და ლოცვა დაიწყეს. ამ შენობის საკითხს კი შესაბამისი კომისია ორი წელია სწავლობს.

ადგილობრივმა მუსლიმებმა sknews-ს განუცხადეს, რომ  ის შენობა, სადაც აქამდე ლოცულობდნენ, მეპატრონეს დასჭირდა და ამიტომაც მივიდნენ იმ შენობასთან, სადაც მეჩეთის გახსნის უფლებას რამდენიმე წელია ითხოვენ და აცხადებენ, რომ აქ ადრე მეჩეთი იყო, თუმცა შენობაზე პრეტენზიას მართლმადიდებლებიც აცხადებენ.

14 ოქტომბერს  მუსლიმების ლოცვას პროვოკაცია უწოდა  ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა  მეუფე თეოდორემ. ის და მისი მრევლი მოხეში მუსლიმების მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებიან.

2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ კომისია შექმნა, რომელსაც ამ შენობის საკითხი უნდა შეესწავლა, თუმცა მისი შედეგები დღემდე უცნობია. EMC-ის  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ კომისიის მუშაობას არაეფექტური უწოდა, რადგანაც მას  არ მიუღია გადაწყვეტილება შენობის ისტორიული და კონფესიური მესაკუთრის დასადგენად.

 

მუსლიმების ლოცვა მოხეში სადაო შენობის გარეთ. მოხე, ადიგენი, საქართველო. 15/10/2016 ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

მოვლენების ქრონოლოგია: 

[checklist]

[/checklist]