სასამართლომ მარნეულში დაკავებულ ექვსივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებულ ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანში, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, 13 ოქტომბერს  6 პირი დააკავა.

მარნეულის რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის, ახმედ იმამკულიევის განცხადებით, სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული პირები უდანაშაულონი არიან.

ადვოკატი აცხადებს, რომ მარნეულში დაკავებული ენმ-ის 3 აქტივისტი ნაცემია. ტელეკომპანიის ჩართვაში მან თქვა, რომ ისინი პოლიციის განყოფილებაში სცემეს.

8 ოქტომბერს მარნეულში, #48 უბანთან 18:40 საათზე სპეცრაზმი მივიდა. სპეცდანიშნულების რაზმის ადგილზე გამოძახება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც უბანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა  და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, ქვების სროლას და უბნის შენობის მინების ჩამსხვრევას.