შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სამინისტროს გაერთიანებული ცხელი ხაზი გახსნა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ცხელი ხაზის მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი ტელეფონის ნომერი– 1505 მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, შაბათ-კვირის ჩათვლით, მოემსახურება.
ცხელი ხაზის ნომერზე –1505 შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება სახელმწიფო დაზღვევის, “ჯანდაცვის ომბუდსმენის” სამსახურის, პენსიის, სოციალური დახმარებების, ჯანდაცვის პროგრამების, იმუნიზაციისა და სამინისტროს სხვა მომსახურებების შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დაზღვევის მქონე მოქალაქეების პოლისით გათვალისწინებული უფლებები დაირღვევა, მათ საშუალება ექნებათ დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე 1505 და დატოვონ შეტყობინება. “ჯანდაცვის ომბუდსმენის” სამსახური მოკლე ვადებში დაუკავშირდება განმცხადებელს და განიხილავს საჩივარს.
“ჩვენი მიზანია, ცხელი ხაზის საშუალებით მოსახლეობას ოპერატიულად მივაწოდოთ ინფორმაცია იმ მომსახურებებისა და დახმარებების შესახებ, რომელსაც სამინისტრო თითოეულ მოქალაქეს სთავაზობს. ასევე მნიშვნელოვანია მივიღოთ ინფორმაცია და მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ მოქალაქეების უფლებების დარღვვის ფაქტებზე” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.