ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ხატია დეკანოიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალინდელ გამოცდაზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია დილის 8 საათზე დაიწყება. 

 

“ხოლო დილის 7 საათზე მეთვალყურეების რეგისტრაცია იწყება. ამავე დროს მოვა დალუქული ტესტები, რომელიც უშუალოდ გამოცდების წინ და კამერების მეთვალყურეობის დროს გაიხსება,”- ამბობს დეკანოიძე. 

 

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით სულ 17 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 19 ივლისს დასრულდება და ყველა შედეგი 25 აგვისტოს გახდება ცნობილი. 

 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 35 ათას 360 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. 

 

“ყველამ იცის, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მხოლოდ საკუთარი ნიჭით, ჭკუითა და შრომით შეიძლება გამოცდების ჩაბარება,”- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე. 

 

შაშკინის განმარტებით, ყველაზე დიდი კონკურსი საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტებზეა. 

 

“ძალიან მაღალი კონკურსია, მაგალითად, გეოდეზიის ფაკულტეტზე ერთ ადგილზე 50 აბიტურიენტია დარეგისტრირებული,”- ამბობს შაშკინი. 

 

გარდა ამისა, როგორც მინისტრმა განაცხადა, 2 ივლისს მასწავლებელთა სასერტიფიკავიო გამოცდები ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას 40 ათასი მასწავლებელი მიიღებს. 

 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან აღარ ჩატარდება. 

 

7 ივნისს მასწავლებლის სახლში გამართულ შეხვედრაზე მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების უარყოფით მხარეებზე ისაუბრა და თქვა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მიღება სკოლაში ჩაბარებული 8 გამოცდითა და უნარ-ჩვევებში ტესტით უნდა მოხდეს. 

 

“დღეს სკოლის 8 გამოცდისთვის ცალკე ემზადება ბავშვი, მერე ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ქირაობს რეპეტიტორს და ემზადება დანარჩენი ოთხი გამოცდისთვის. რეპეტიტორის ქირაობის საშუალება ბევრს არ აქვს. რეპეტიტორების ქირაობის საშუალება ძირითადად აქვს ხალხს თბილისის ცენტრში. რეგიონებში პრაქტიკულად არ ემზადებიან. აღმოჩნდა, რომ საზოგადოება ისევ დავყავით ცხვირაწეულ, პრივილეგირებულებად და დანარჩენ საზოგადოებად. ეს არის ფუნდამენტური დავა, ამას მე ვერასდროს ვერ მივიღებ. ჩვენ დავკარგეთ დრო, ბოლო ერთი წელი ამათ სამინისტროში კამათში რომ არ გაეტარებინათ და დროზე მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, წელს უკვე ეროვნული გამოცდები არ ჩატარდებოდა,”- განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

ხელისუფლების მხრიდან სწორედ ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატი დასახელდა მაია მიმინოშვილის, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთ მიზეზად.