ახალი ამბები

საჩივარი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გაეროს ადამიანის უფლებების კომისიაში

21 ივნისი, 2012 •
საჩივარი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გაეროს ადამიანის უფლებების კომისიაში

კოალიცია “ქართული ოცნების” პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საჩივარი, რომელიც ეყრდნობა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ფაკულტატურ ოქმს, კოალიციის წარმომადგენლებმა თინათინ ხიდაშელმა, არჩილ კბილაშვილმა და ამერიკელმა ადვოკატმა მეთიუ ორსმანმა შეიტანეს.

 

საჩივარში ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია მისი საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლებები – არაკანონიერად ჩამოართვა მას საქართველოს მოქალაქეობა და არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

 

“უფრო კონკრეტულად კი, ამ საჩივრის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების არაკანონიერი ქმედებები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს ბ-ნი ივანიშვილის ჩამოშორება 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან, არღვევს გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-2 მუხლსა და მე-15 მუხლის 1-2 პუნქტებს, ასევე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის პირველი მუხლის პირველ და მე-3 პუნქტს; მე-2 მუხლის პირველ პუნქტს; მე-19 მუხლის 1-2 პუნქტებს; 22-ე და 25-ე მუხლებს”, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც “ქართული ოცნების” პრეს-სამსახური ავრცელებს.

 

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც დაადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის საერთაშორისოდ გარანტირებული პოლიტიკური უფლებები და მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, აღუდგინოს ბიძინა ივანიშვილს  მოქალაქეობა და პოლიტიკური უფლებები  2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. 

 

ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ 29 ივნისს უნდა გამოაცხადოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი