ბათუმის კაზინოში თურქეთის მოქალაქე დაჭრეს

დაჭრილია 45 წლის მამაკაცი, თურქეთის მოქალაქე, რომელიც  კაზინოს დარბაზის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა. 

დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს მიმღების ექთანი თამუნა ვერძაძე აცხადებს, რომ მოქალაქეს ჭრილობა ორივე ფეხზე დანით აქვს მიყენებული, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველი იძიებს. პოლიცია მობილიზებულია კაზინოს და საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია თუ რას მოყვა ჩხუბი კაზინოში.