საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ წარმომადგენელთა პალატა მხარს უჭერს საქართველოსთან შეერთებული შტატების გაძლიერებულ ურთიერთობას უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებში, მხოლოდ მშვიდობიანი გზით.
“მხარს ვუჭერთ აშშ–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დანერგვას სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე უსაფრთხოების, პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, ენერგეტიკული, კულტურული, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით”, – ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში ამერიკელი კონგრესმენები რუსეთისგან მოითხოვენ, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და მოუწოდებენ რუსეთის მთავრობას, იძულებით გადაადგილებულ პირებს ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების საშუალება მისცენ.
ასევე, დაუშვას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ოკუპირებულ რეგიონებში.
რეზოლუციაში მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ სზღვრებში და ქვეყნის “ნატო გაწევრიანების მისწრაფება.
“მხარს ვუჭერთ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ მისწრაფებას და ძალაშია საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ ბუქარესტის სამიტის, სტრასბურგისა და ლისაბონის გადაწყვეტილებები”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
კონგრესმენები აღიარებენ საქართველოს მიერ დემოკრატიისა და რეფორმების განხორციელების კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯებს.
“ვაღიარებთ საქართველოს წინ გადადგმულ ნაბიჯებს და ვამხნევებთ, რათა საქართველომ განაგრძოს დემოკრატიის გაძლიერება და რეფორმების განხორციელება, რომლებიც გაზრდიან მედიის გამჭვირვალობასა და თავისუფლებას. ასევე მხარს ვუჭერთ თანაბარ პოლიტიკურ კონკურენციას და დემოკრატიულ საარჩევნო პროცესებს, სასამართლო დამოუკიდებლობის რეფორმების გაგრძელებას”, – ნათქვამია რეზოლუციაში.