ახალი ამბები

კონსტიტუცია 20 წლის შემდეგ – კრებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ

29 სექტემბერი, 2016 • 4050
კონსტიტუცია 20 წლის შემდეგ – კრებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ

“საქართველოს კონსტიტუცია 20 წლის შემდეგ” – ასე ჰქვია კრებულს, სადაც საქართველოს კონსტიტუციის ტექსტისა და კონსტიტუციური წესრიგის შესახებ სხვადასხვა ავტორის სტატიაა შესული.

კრებული ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით, ვაკო ნაცვლიშვილისა და დავით ზედელაშვილის რედაქტორობით მომზადდა. პრეზენტაცია თბილისში 28 სექტემბერს გაიმართა.

“შარშან, როდესაც კონსტიტუციის 20 წლისთავი იყო, ჩვენ ველოდით გაცილებით უფრო აქტიურ და მნიშვნელოვან დისკუსიას საზოგადოებაში კონსტიტუციის ღირებულების თაობაზე და კონსტიტუციის რეალობის თაობაზე. მაგრამ რატომღაც ეს არ მოხდა,”- განაცხადა პრეზენტაციის დაწყებისას ფონდის დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.

კრებულის წინათქმის თანახმად, არ არის შემთხვევითი, რომ საჯარო დღის წესრიგმა კონსტიტუციის 20 წლისთავი “გამოტოვა” ისე, რომ არ დაიწყო დისკუსია, თუ როგორ მოვიდა აქამდე და რა გამოწვევების წინაშე დგას ეს დოკუმენტი.

“[კონსტიტუციის] შეფასებისას იურიდიულ-ფორმალისტური, ტექსტით შებოჭილი მიდგომა სჭარბობს. ეს მიდგომა კონსტიტუციის ტექსტს კონსტიტუციური წესრიგისგან განყენებულად აღიქვამს და ავიწროებს იმ არეალს, საიდანაც კონსტიტუციის შეფასების მასშტაბების აღება შეიძლება,”- ვკითხულობთ კრებულის წინათქმაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი და ამავე სასამართლოში პრეზიდენტის მიერ ახლადდანიშნული მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 28.09.2016

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი და ამავე სასამართლოში პრეზიდენტის მიერ ახლადდანიშნული მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 28.09.2016

ქეთი ხუციშვილის თქმით, კრებული, სადაც კონსტიტუციის შესახებ ბევრი სხვადასხვა ხედვა არის მოცემული, შეიძლება გახდეს შემდგომი დისკუსიის საფუძველი.

კრებულში შესული სტატიების და შესავალი სიტყვების ავტორები არიან გიორგი მარგველაშვილი, დავით უსუფაშვილი, გიორგი პაპუაშვილი, ვოლფანგ ბაბეკი, ზაალ ანდრონიკაშვილი, გიორგი მაისურაძე, ვახუშტი მენაბდე და სხვები.

“დღეს ჩვენ გვაინტერესებს, ამ 21 წლის მანძილზე, მიუხედავად სხვადასხვაგვარი ცვლილებებისა, განაპირობა თუ არა კონსტიტუციამ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, შექმნა თუ არა ამის საფუძველი, განაპირობა თუ არა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ამა თუ იმ წესით, მოგვცა თუ არა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საშუალება,”- ამბობს ქეთი ხუციშვილი.

ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 28.09.2016

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 28.09.2016

“საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის ნორმათა განმარტების შედეგად ქმნის ცოცხალ კონსტიტუციას” – ვკითხულობთ კრებულში საკონსიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ქეთევან ერემაძის სტატიაში, სახელწოდებით “თავისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში და თავად კონსტიტუციის გააზრების თავისუფლება”.

ერემაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებთან ერთად არ ესწრებოდა პრეზენტაციას, თუმცა სიტყვით გამოვიდა სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, პოლიტიკური ქარტეხილებიდან სასამართლოს ღირსეულად გამოსვლას ადასტურებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც სასამართლომ არსებობის 20 წლის მანძილზე მიიღო.

“საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან და ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, პოლიტიკური ხელისუფლების თავისთავადი ოპონენტია, ვინაიდან კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებისას აუქმებს კანონებისა თუ კანონქვემდებარე აქტების მოქმედებას… ქართულ რეალობაში პოლიტიკური ორგანოების მიერ, რიგ შემთხვევაში, შეინიშნება საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური მანდატის არასწორი აღქმა, რაც ქმნის საფუძველს, სასამართლო ჩაბმული იქნას პოლიტიკური ხასიათის დებატებში,”- ვკითხულობთ კრებულისთვის დაწერილ გიორგი პაპუაშვილის შესავალ სიტყვაში.

გიორგი პაპუაშვილი, დავით უსუფაშვილი და ქეთი ხუციშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 28.09.2016

გიორგი პაპუაშვილი, დავით უსუფაშვილი და ქეთი ხუციშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 28.09.2016

“მრეჩება შთაბეჭდილება, რომ 20 წლის მანძილზე კონსტიტუცია ისეთივე გაუაზრებელ და გაფეტიშებულ კატეგორიად რჩებოდა ჩვენში, როგორც თავისუფლება – ვიცით, რომ კარგია, მაგრამ არ ვიცით, რა საჭიროა” – ეს ნაწყვეტი წაიკითხა პრეზენტაციაზე დავით უსუფაშვილმა კრებულში შესული შესავალი სიტყვიდან, რომელიც მის მიერვე არის დაწერილი.

პარლამენტის თავმდჯომარემ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე კონსტიტუციის ისტორიის შესახებ ისაუბრა:

“იყო ბევრი წელი, როდესაც კონსტიტუცია იყო თუ არ იყო, გვქონდა თუ არ გვქონდა, მაინცდამაინც ბევრს არავის აღელვებდა, გარდა პროფესიონალების ვიწრო წრისა. მაშინ იმდენად არ აინტერესებდა ხალხს, კონსტიტუცია იყო თუ არ იყო, რასაც გინდა, იმას ჩაწერდი და ამოიღებდი იქიდან…  ახლა ვითარება შეიცვალა – კონსტიტუცია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გახდა და, ქართველებს როგორც გვჩვევია, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში, ახლა იმდენად მიშვნელოვანი და საინტერესოა ყველასთვის, რომ მგონია, კიდევ 20 წელი ერთ სიტყვას ვერ შევცვლით ამ კონსტიტუციაში,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

პრეზენტაციაზე აჩვენეს საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშრებული დოკუმენტური ფილმი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 28.09.2016

პრეზენტაციაზე აჩვენეს საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშრებული დოკუმენტური ფილმი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 28.09.2016

ლიტარატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი კრებულში შესულ სტატიაში “კონსტიტუცია და ფუნდამენტური წესრიგი. კონსტიტუციის კულტურული წინაპირობები” წერს, რომ 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია იყო პოსტსაბჭოთა საქართველოს მცდელობა, არსებული წინააღმდეგობები არა საჯარო დებატების გზით, არამედ მხლოდ ექსპერტების მიერ შედგენილ დოკუმენტში “არცთუ ისე მიჩქმალული კოლიზიების ხარჯზე” მოეთავსებინა.

“1921 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, 1995 წლის კონსტიტუცია არ ყოფილა საჯარო დებატების და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა და ჯგუფს შორის მიღწეული კონსენსუსის შედეგი. ამ კონსტიტუციისგან განსხვავებით, ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია “ზემოდან” ხალხისთვის მიცემული კონსიტიტუციაა და არა ხალხის (თავისი წარმომადგენლების მეშვეობით) პოლიტიკური სხეულის დაფუძნების აქტი,”- წერს ანდრონიკაშვილი.

კრებულის "საქართველოს კონსტიტუცია 20 წლის შემდეგ" პრეზენტაციაზე დამსწრე სტუმრები. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 28.09.2016

კრებულის “საქართველოს კონსტიტუცია 20 წლის შემდეგ” პრეზენტაციაზე დამსწრე სტუმრები. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 28.09.2016

ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის ტექსტში “საქართველოს კონსტიტუცია – ეროვნული სახელმწიფო და იმპერიული მემკვიდრეობა” ვკითხულობთ, რომ მიღებიდან 20 წლის შემდეგაც კი კონსტიტუციური და პოლიტიკური რეალობები ერთმანეთს არ შეესაბამება:

“1995 წელს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციას ხელი მოეწერა, ცენტრალური ხელისუფლება ქვეყნის 20%-ს ვერ აკოტროლებდა. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლი – “საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განიყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ცატარებული რეფერენდუმით…” – არ წარმოადგენდა ფაქტობრივ რეალობას. ამდენად, კონსტიტუცია პოლიტიკური განაცხადიცაა, რომელიც ქვეყნის გამთლიანების იურიდიული საფუძველი უნდა გამხდარიყო… საქართველოს კონსტიტუცია, მისი მიღებიდან 20 წლის შემდეგ, კვლავაც მომავლის პროექტად რჩება,”- ვკითხულობთ გიორგი მაისურაძის სტატიაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა და ახლადდანიშნული მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 28.09.2016

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა და ახლადდანიშნული მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 28.09.2016

1918 წელს, დამოუკიდელობის აქტის გამოცხადების შემდეგ, 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის გამო რეალურად ვერ ამოქმედდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დღეს მოქმედი კონსტიტუცია პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო. მიღების შემდეგ კონსტიტუციაში 30-მდე ცვლილება შევიდა.

“თანამედროვე კონსტიტუცია ლეგიტიმაციის წყაროს ხალხში ჰპოვებს. თუმცა მას ხშირად უჭირს გაუძლოს ცდუნებას და უარი თქვას რელიგიაზე, როგორც ლეგიტიმაციის მოსახერხებელ წყაროზე, ასევე მითზე, ისტორიაზე, ან ჭეშმარიტების სტატუსზე მოდავე აბსტრაქტულ მორალურ პრინციპებზე. რამდენად ახერხებს საქართვეოს კონსტიტუცია, შექმნას ამგვარ ლეგიტიმაციაზე დაფუძნებული წესრიგი, რომელიც მისი მოქალაქეების პატრიოტიზმის ობიექტი იქნება, მნიშვნელოვან კითხვად რჩება 20 წლის შემდეგაც,”- წერია კრებულის წინათქმაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი