გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძის ბლოკში რჩება

გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძის ბლოკში “სახელმწიფო ხალხისთვის” რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩი” დატოვა, რომელიც თავის მხრივ ჯერ სწორედ ვაშაძის “ახალ საქართველოსთან” გაერთიანდა და შემდეგ შეუერთდნენ პაატა ბურჭულაძეს, ვაშაძემ პაატა ბურჭულაძესთან დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი ვაშაძემ ბლოკში დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება პაატა ბურჭულაძესთან გამართული კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ბლოკი გუშინ, 27 სექტემბერს დატოვა ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩი”. ბურჭულაძემ განაცხადა, რომ “გირჩს” ბლოკი  ბიძინა ივანიშვილის დაფინანსების გამო დაატოვებინა.

“საქართველოშუ უნდა დამთავრდეს არაფორმალური მმართველობა, უნდა დასრულდეს დაპირისპირება და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას 8 ოქტომბერს გამარჯვებისთვის.  ჩემთვის ბევრი საკითხი მოულოდნელი იყო. აუცილებლად მჭირდებოდა გავლა სხვადასხვა თემების, საუბარი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ბლოკში. ერთი რამ არის მთავარი – დღეს მე ვარ აქ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ძალა, რომელიც იბრძვის გამარჯვებისთვის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პაატა ბურჭულაძის თქმით,  “გირჩი” ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობდა:

“ეს თანხა  მოდიოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. მეტსაც გეტყვით,  თანხების გარდა იქ იყო მთელი სქემა და თამაში, თუ როგორ შეიძლებოდა ჩვენს გარშემო ჩატარებულიყო სხვანაირი თამაში, რომელიც დროულად გაიშიფრა. ძალიან დროული იყო ჩემი გადაწყვეტილება. დამოუკიდებელი ძალა  ვაგრძელებთ ბრძოლას, გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს მოვუღებთ ოლიგარქიულ მმართველობას საქართველოში,” – აღნიშნა ბურჭულაძემ.