შეიქმნა თუ არა დესტაბილიზაციის მიზნით ჯგუფი “საქართველოს ერთგულების სახელით”?

როდის და ვინ შექმნა ჯგუფი “საქართველოს ერთგულების სახელით”, რომლის მეშვეობით  ხელისუფლება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დესტაბილიზაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს?

საქართველოს ერთგულების სახელით” საინიციატივო ჯგუფია, რომელიც ფეისბუკზე 2016 წლის 8 აგვისტოს დარეგისტრირდა. ჯგუფის თანადამფუძნებელი, ბიძინა ხერხეულიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მათი მიზანი საქართველოს დეოკუპაცია და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაა და არა დესტაბილიზაციის მოწყობა:

“ჩვენი ჯგუფი ყველასთვის ღიაა. დაარსების დღესვე განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანს მივიღებთ, ვინც დეოკუპაციას და ევროინტეგრაციას ემხრობა. გადატრიალებას ნამდვილად არც ვცდილობთ და არც გვაქვს მაგის სურვილი”.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გეგმავს დესტაბილიზაციას, სექტემბერის თვეში ჯერ შს მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია, ხოლო შემდეგ, 14 სექტემბერს იგივე დაადასტურა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა:

“ჩვენ ვიცით, რომ ისინი [ენმ] ქმნიან ორგანიზაციებს, როგორიცაა „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომელსაც პირდაპირ აქვს თავის ამოცანად, რომ საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაცია მოახდინოს, მანქანებით დაბლოკონ შესასვლელები, გამოსასვლელები და ასე შემდეგ. ჩვენ არავის არ მივცემთ უფლებას, რომ სიტუაცია აურიოს საქართველოში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ანალოგიური ბრალდება გაახმიანა გუშინ ბესო კალაძემ, რომელმაც “თავისუფალი ზონისა” და ენმ-ის რიგები დატოვა და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და დესტაბილიზაციას გეგმავს. მისი თქმით, ეს ძალა დესტაბილიზაციისთვის “თავისუფალ ზონასა” და მოძრაობა “საქართველოს ერთგულების სახელით” გამოიყენებს.

ბესო კალაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, რომ არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია იგეგმება:

“ვითომ გაყალბებული არჩევნების საბაბით მოსახლეობა ქუჩაში უნდა გამოსულიყო, დაწყებულიყო საპროტესტო აქციები, უნდა ყოფილიყო პროვოკაციები, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა ყოფილიყო “თავისუფალი ზონა” და მის ბაზაზე შექმნილი ორგანიზაცია “საქართველოს ერთგულების სახელით,” – განაცხადა კალაძემ.

კალაძე გუშინ სუს-მა დაკითხა და საბოტაჟის მუხლით გამოძიებაც დაიწყო. ხოლო დღეს ენმ-ის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შესაძლო შეთქმულების თაობაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო, რასაც წინ უძღოდა სააკაშვილსა და ენმ-ის წევრებს შორის საუბრების ფარული ჩანაწერის გამოქვეყნება.

ბიძინა ხერხეულიძის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაკითხვაზე მათი ჯგუფის წევრები არ დაუბარებია. მისივე აზრით, ხელისუფლება, სავარაუდოდ, არჩევნების გაყალბებას გეგმავს და ვინც მათ მიმართ ლოიალური არ არის, შეთქმულებაში ადანაშაულებს:

“ეტყობა, რაღაც აქვთ განზრახული, გაყალბება, ან რაღაც, და ვინც მათ მიმართ ლოიალური არ არის, ყველას შეთქმულებაში ადანაშაულებენ. დიქტატურული მმართველობის კლასიკური ფორმაა,” – ამბობს ხერხეულიძე და აღნიშნავს, რომ საინიციატივო ჯგუფთან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშილს არანაირი შეხება არ აქვს.

ენმ-ის ოპონენტები ამბობენ, რომ ჯგუფის “საქართველოს ერთგულების სახელით” ენმ-სთან და მიხეილ სააკაშვილთან კავშირზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ამ ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის ქმარი, ილია ნიკოლაიშვილია.

ილია ნიკოლაიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ დესტაბილიზაციის შესახებ ბრალდება რეალობას არ შეესაბამება:

“სრული აბსურდია ФСБ-სთან შერწყმული სუს-ის გამოგონილი ბრალდება, სრული ბოდვაა. მე არანაირი კავშირი მაქვს მიხეილ სააკაშვილთან, ორჯერ ვარ შენახვედრი და ფოტო გადავიღე. პოლიტიკოსი არ ვარ, საჯარო სამსახურში არასოდეს მიმუშავია. ფოტო მესისთანაც და რონალდინიოსთანაც მაქვს გადაღებული, ცნობილ ადამიანებთან უყვარს ადამიანს ფოტოს გადაღება, მით უმეტეს, თუ ის ცნობილი მოსწონს. მე არც ვმალავ, რომ მიხეილ სააკშვილი ძალიან მომწონს და მისი მომხრე ვარ,” – ამბობს ნიკოლაიშვილი და ვარაუდობს, რომ ბესო კალაძე სუს-მა ან დააშანტაჟა, ან ფული გადაუხადა.

თავად კალაძე სუს-ის მხრიდან მისი შესაძლო დაშანტაჟების ფაქტს უარყოფს.