მერიის კულტურის პროგრამები, როგორც შემნახველი ყულაბა

 

ფოტოგამოფენა ბათუმში უკვე ნახეს, თუმცა ჩიკაგოში მას წელს ვეღარ ნახავენ. პროექტი სახელწოდებით „ბათუმი-ჩიკაგო-ბათუმი“ 2012 წლის ბათუმის მუნიციპალური კულტურის პროგრამების დამტკიცებულ სიაში შეიტანეს. ზუსტად ორ თვეში კი დოკუმენტში ცვლილება შევიდა და 20 000 ლარით დაფინანსებული ღონისძიება პროგრამიდან ამოვარდა. მიზეზად მითითებულია, რომ ავტორებმა დაფინანსების სხვა წყარო იპოვეს.
გაზეთ „ბათუმელებთან“ პროექტის ერთ-ერთი ავტორი, გიორგი გოგიბერიძე ამბობს, რომ დაფინანსების ალტერნატიული საშუალება არ უპოვიათ.

მერიის მიერ პროექტისთვის გამოყოფილი თანხა, ძირითადად, მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები იყო, ბათუმელი ფოტოგრაფების გამოფენას ჩიკაგოში ნაწილობრივ ამერიკული მხარე აფინანსებდა.
2012 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, კულტურული პროგრამებისათვის თავდაპირველად 2 მილიონ 550 ათასი ლარი იყო განკუთვნილი, თუმცა, ამ დროისთვის განხორციელებული ცვლილების თანახმად, კულტურული პროგრამებისათვის თანხა თითქმის მილიონ 250 ლარით შემცირდა. ნაწილი ღონისძიებებისა სრულიად ამოვარდა, ნაწილს კი _ თანხა ჩამოეჭრა. ცვლილება სულ 23 ღონისძიებას შეეხო.

კულტურული ღონისძიებების სიიდან საერთოდ ამოღებულ იქნა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, რაზეც 100 000 ლარი იყო გამოყოფილი; ანსამბლების _ „ერისიონისა“ და „სუხიშვილების“ კონცერტი, „ეროვნული უმცირესობები და დიასპორა“ (13 000 ლარი); საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმი და მოდა“ (90 000 ლარი), ქანდაკება „ძველი ბათუმი“ (90 000 ლარი), „შემოდგომის ბათუმი“, ელექტრონული მუსიკის ახალგაზრდული ფესტივალი (84 000 ლარი), „ბათუმი _ კლიმატური კურორტი“ (13 000 ლარი), წიგნი, ალბომი „აჭარა“(75 000 ლარი),
ნიჭიერი ბათუმელების წახალისება (20 000) – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ამ ერთი კონკრეტული პროგრამიდან იქნა ამოღებული. სამაგიეროდ დაფინანსებულ ღონისძიებათა სიაში დარჩა „ბათუმობა“, რომლისთვისაც ამ პროგრამაში ყველა სხვა ღონისძიებაზე მეტი თანხა _ 250 000 ლარია გათვალისწინებული.
ამავე სამსახურის ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულია 500 სტუდენტის ერთჯერადი დასაქმებაც, რისთვისაც 150 000 ლარია გამოყოფილი.
არის თუ არა გამართლებული ასეთი პროექტის დაფინანსება საბიუჯეტო პოლიტიკის თვალსაზრისით? – ამ კითხვის პასუხად მერიის ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე ამბობს, რომ ეს ხელშეწყობაა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ახერხებენ დანაზოგით სწავლის საფასური გადაიხადონ, ისინი ზაფხულობით ძირითადად პლაჟებსა და ეზოებს ასუფთავებენ.
ბათუმის მერიის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებშია ასევე დაფინანსებული საპრეზიდენტო პროგრამა „პატრიოტიც“.
2012 წლის ბიუჯეტში საახალწლო ღონისძიებების დაფინანსებამ ორჯერ განიცადა ცვლილება. მარტში ამ ღონისძიებისათვის 200 000 ლარი გაითვალისწინეს, ზუსტად ერთი თვის შემდეგ კი საახალწლო ღონისძიებების თანხამ 105 000 ლარი შეადგინა. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ „ბათუმის საახალწლო ღონისძიებები ბიზნესსექტორის დაინტერესების ერთ-ერთ ობიექტად იქცა. გაჩნდა შესაძლებლობა, საახალწლო ღონისძიებების ნაწილი დაფინანსდეს კერძო სექტორის მიერ, რაც შესაბამისად ამცირებს საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯებს მუნიციპალური ღონისძიებიდან, რის გამოც პროგრამა მცირდება 170 000 ლარით“.
ბოლო წლების საახალწლო ხარჯებს თუ გადავხედავთ, ერთი ტენდენცია იკვეთება. საახალწლო ღონისძიებებზე ყოველწლიურად თანხები აჭარის მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან ბათუმის მერიას გადაეცემა, რადგან წინასწარ მუნიციპალიტეტს საჭირო თანხა გათვალისწინებული არ აქვს.
სანამ 2012 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებდნენ, მერია დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ბიუჯეტის პროექტს განიხილავდა. გაზეთი „ბათუმელები“ ამ განხილვებს ძირითადად ესწრებოდა. კულტურულ პროგრამებთან დაკავშირებით დისკუსია თითქმის არ გამართულა, იყო რამდენიმე შეკითხვა, ისიც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან დასმული, რომელიც ძირითადად სილამაზის კონკურსს ან მსგავსი ღონისძიებების დაფინანსებას ეხებოდა. უმრავლესობამ 2012 წლის ბიუჯეტსაც ერთხმად დაუჭირა მხარი და 60 დღის შემდეგ იმ ცვლილებასაც, რომლის თანახმადაც კულტურულ პროგრამებს დაფინანსება ერთდროულად ერთი სხდომის ფარგლებში 840 000 ლარით შეუმცირეს.
არის თუ არა ეს მუნიციპალურ პროგრამაზე პასუხისმგებელი სამსახურის არაკომპეტენტურობის ბრალი? _ კითხვას ბათუმის ვიცე-მერი ჯემალ ანანიძე ასე პასუხობს: „ამ ფაქტის გამო საკითხის ასე დაყენება არ შეიძლება. ყველა ეს ცვლილება კანონიერად ხორციელდებოდა, ბიუჯეტი ისე ვერ დაიგეგმება, რომ ცვლილება საერთოდ არ შევიდეს.“
საკრებულოს პროფესიით ეკონომისტ წევრს, ვაჟა ვერულიძეს მიაჩნია, რომ პროგრამული ბიუჯეტი „ამ ტიპის ცვლილებებს ვერ ეგუება. პროგრამებში ასეთი მასშტაბური ცვლილებები მიუღებელიცაა და უხერხულიც. რაც შეეხება კითხვის იმ ნაწილს, არის თუ არა ეს ამ სამსახურის არაკომპეტენტურობის ბრალი, შესაძლებელია არის კიდეც, მაგრამ არა მგონია, ამ გადაწყვეტილების ავტორები კონკრეტულად ამ სამსახურის თანამშრომლები იყვნენ, ასეთი ცვლილებების მიღება ძირითადად სხვა დონეზე ხდება.“
რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილი მერიის „კულტურის პროგრამებს“ ნაციონალური მოძრაობის “შემნახველ ყულაბას” უწოდებს, „წინასწარ ფულს ინახავენ ამ პროგრამაში, რომ დასჭირდებათ, აუქმებენ ღონისძიებას და ფული სხვა მუხლში გადააქვთ, ბიუჯეტში თვეში ორჯერ შედის ცვლილება“.
2012 წლის ბათუმის ბიუჯეტის პროექტით კულტურული პროგრამებისათვის ორი მილიონ 550 ათასი ლარი იყო განსაზღვრული. ბიუჯეტი ამჟამად მხოლოდ მილიონ 300 ლარს შეადგენს.