როგორც ცენტრის პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია გაბუნია ამბობს, ეს იქნება ცენტრის ბოლო განცხადება გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით.
გაბუნია ამბობს, რომ ჯერ არ იციან, რამდენად მოუხეხრდება თანამშრომლებს, რომლებმაც მიმინოშვილის გათავისუფლების შემდეგ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს, პრესკონფერენცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფისში გამართონ.
“შესაძლებელია, განცხადება შენობის გარეთ გაკეთდეს,”-ამბობს გაბუნია ნეტგაზეთთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება:
“საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 28 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარეობს არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
სამწუხაროდ, რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის.
გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და უზრუნველყოფს საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას.”
გუშინვე, 28 მაისს ირკვევა, რომ მაია მიმინოშვილის შვილი 27 მაისს “ქართული ოცნების” აქციაზე იმყოფებოდა.
“ეს არის კატასტროფა, თუ ეს გახდა ჩემი გათავისუფლების მიზეზი. ვადასტურებ, რომ ჩემი შვილი ნამდვილად იყო აქციაზე. მე მას დავურეკე და ვკითხე, სად იყო. მან მითხრა, რომ იმყოფებოდა თავისუფლების მოედანზე, აქციაზე. ის არის დამოუკიდებელი ადამიანი და აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი სიმპათია-ანტიპათიების შესაბამისად,”- განაცხადა მიმინოშვილმა.
გუშინვე, მიმინოშვილის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთი დეტალი გაირკვა.
მაია მიმინოშვილის ძმა, ზაზა მიმინოშვილი, ჯგუფ “შინის” ხელმძღვანელი, დის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად საკუთარ თავს ასახელებს. კომენტარი ამის შესახებ მან ტელეკომპანია მაესტროსთან ჩართვაში გააკეთა.
“დამნაშავე ვარ მე. ჩემი ზარი 26 მაისს ჩემს ბავშვობის მეგობართან მაია ფანჯიკიძესთან. ჩვენი სატელეფონო საუბარი 26 მაისის დღის მილოცვით დაიწყო. მე 27 მაისს ჩემი სურვილის შესახებ ვუთხარი, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც საქართველოს სჭირდება, მოხდეს ისე, როგორც საჭიროა, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდეს აქციაზე და ამასთან, ძალიან დიდი წუხილი გამოვხატე ჩემი იქ არყოფნის გამო. თუმცა მე მათ გვერდით ვარ და ყოველთვის ვიყავი კიდეც. მე, რასაკვრიველია, ვიცოდი, რომ ღია ეთერში ვლაპარაკობდი,”- აცხადებს ტელეკომპანიასთან საუბარში გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ძმა.
28 მაისს, საღამოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფისში თანამშრომლებთან ერთად მივიდა და ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
შეხვედრიდან გამოსული ცენტრის თანამშრომლები შაშკინთან შეხვედრით უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ.
“იყო ძალიან მწვავე გამოსვლები ცენტრის თანამშრომელთა მხრიდან. მინისტრს ბევრჯერ მოუწია თქმა– “ნუ მაწყვეტინებთ!” ვფიქრობ, ასეთი მწვავე შეხვედრა მას არავისთან ჰქონია ჯერ. რისი იმედი ჰქონდა, რომ მოდიოდა, არ ვიცი,”- გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ია კუტალაძემ მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან, შეხვედრის დეტალებზე ნეტგაზეთთან ისაუბრა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კოკა სეფერთელაძე, მინისტრის მოადგილე დანიშნა.