კულტურის ცენტრი “მუზა” მიმართავს ხელისუფლებას და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, დიღომში განთავსებული დავით აღმაშენებლის ძეგლი თავდაპირველ ადგილს დაუბრუნდეს. ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ძეგლის ავტორის მერაბ ბერძენიშვილი უკანასკნელი სურვილია, რომელსაც მისი ოჯახი და საზოგადოების ნაწილი უერთდება:
“ყოველდღე მქონდა ბატონ მერაბთან კონტაქტი. ბატონ მერაბს რომ ეს სურვილი ჰქონდა, მთელმა საქართველომ იცის, ამაზე ძალიან ბევრი დაწერილა. მე რამენადაც ვიცი, თბილისის მერიაც თანახმა იყო და ჰპირდებოდნენ ბატონ მერაბს ამის გაკეთებას, უბრალოდ, ეს ყველაფერი დროში გაიწელა. ამდენად, გავბედეთ და შევახსენეთ, რომ ძეგლის გადმოტანა მიეძღვნას ბატონ მერაბის ხსოვნას. ბატონმა მერაბმა თავის სიცოცხლეში დავით ნარმანიას წერილიც მისწერა, თითქოს თანხმობაც იყო. ქალაქის მერი ბატონ მერაბსაც შეხვდა და იყო ეს საუბრები და დაპირება”,- ამბობს ცენტრის დირექტორი დავით გეგელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
მისივე თქმით, ძეგლი ცუდ ადგილას დგას:
“ქანდაკებას აქვს თავისი წესი, როცა მზე, ამოდის სად უნდა ურტყამდეს შუქი, ეს აბსოლუტურად დარღვეულია”.
დავით აღმაშენებლის ძეგლი თავდაპირველად ვარდების, ყოფილი რესპუბლიკის მოედანზე იდგა, თბილისის მერიამ მისი თბილისის შემოსასვლელში გადატანის გადაწყვეტილება 2005 წელს მიიღო. “რადიო თავისუფლების” ინფორმაიით, ძეგლის დედაქალაქის გარეუბანში გადატანის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ყაზახმა ინვესტორებმა სასტუმრო „ივერიისა“ და რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქცია გადაწყვიტეს.
“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, მოხერხდება თუ არა დღევანდელ რელიეფში ძეგლის დაბრუნება, დავით გეგელაშვილი ასე პასუხობს:
“მონდომებაა, ჩემი კარგო, თუ მაინცდამაინც იქ არ დაბრუნდა, ქალაქის ცენტრში ისეთი ადგილის მოძებნა, როგორიც დავით აღმაშენებელს ეკადრებოდა [შესაძლებელია], სურვილი და მზაობაა მთავარი”
მხატვარი, მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი გუშინ, 17 სექტემბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მერაბ ბერძენიშვილი ისეთი ცნობილი ქანდაკებების ავტორია, როგორებიცაა “მუზა”, “რუსთაველი”, გიორგი სააკაძე, დავით გურამიშვილი, “კიდევაც დაიზრდებიან…” და სხვა.
კულტურის ცენტრის “მუზა” დირექტორი ამბობს, რომ ხელისუფლებიდან აღნიშნულ თხოვნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ შეხმიანებიან.