დღეს კანცელარიასთან დემურ სტურუას საქმეზე აქცია გაიმართება

დღეს, 15 სექტემბერს, 20:30 საათზე, “თეთრი ხმაურის მოძრაობა” მთავრობის კანცელარიასთან  დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე სიმბოლურ აქციას გამართავს.

თეთრი ხმაურის მოძრაობა მიიჩნევს, რომ დემურ სტურუას საქმეზე გამოძიების დაწყება სამოქალაქო პროტესტისა და საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის დამსახურებაა. ამის შესახებ მათ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“თვეზე მეტი დროის განმავლობაში შსს განცხადებას არ აკეთებდა, ვიდრე მედიაში არ გამოჩნდა სტატიები და სიუჟეტები იმასთან დაკავშირებით, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე უდანაშაულოა, რომ მის ოჯახზე ხორციელდება ზეწოლა და რომ ის გამოძიებას არ ემალება. მანამდე კი ვრცელდებოდა ჭორები, რომლებიც გარდაცვლილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების კრიმინალურ წარსულზე საუბრით დაზარალებულთა დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებდა, რომ ამზადებდნენ მტკიცებულებებს, რომლითაც გოდერძი თევზაძის უდანაშაულობა დამტკიცდებოდა და რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს ფინანსური ინტერესის გამო შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში საზოგადოება. ტელეეთერით გავიდა სიუჟეტები, სადაც გოდერძი თევზაძის მამა მისი შვილის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს არ ეთანხმება და თვითმკვლელობით იმუქრება. მედიაში სწორედ მას შემდეგ დაფიქსირდა ეს ტენდენცია, რაც საქმეში მოწმის სტატუსით დაკითხული პირი თავს დაესხა გარდაცვლილის ოჯახს და სასტიკად გაუსწორდა გარდაცვლილი დემურ სტურუას დედას და უმცროს ძმას,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე აზრით, რომ არა წინასაარჩევნო პერიოდი, საქმეს სავარაუდოდ არ ექნებოდა სათანადო გამოხმაურება და დარჩებოდა პოლიციელების მიერ ჩადენილ და მორიგ დაუსჯელ დანაშაულად.

თეთრი ხმაურის მოძრაობა მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მთავარ პროკურატურას და ყველა მონაწილე მხარეს, მოუწოდებს მათ, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ნარკოტიკის მოხმარების გამო კანონის აღსრულებაზე მორატორიუმი და დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

“1. თანამდებობიდან გათავისუფლდეს სამტრედიის პოლიციის უფროსი;
2. შეიქმნას გამოძიების მონიტორინგის ჯგუფი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით და დაიწყოს გამოძიება სისტემური დანაშაულის გამოვლენის მიზნით; 3. მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდეს გამოძიება დემურ სტურუას, ლაშა ბახუტაშვილის, ბესო ხუციშვილისა და ლევან აბზიანიძის საქმეებზე;
4. დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყდეს ნარკოტესტირების ღირსების შემლახავი პრაქტიკა;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 273-ე მუხლით ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული იყოს განრიდება;
6. პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საპროცესო შეთანხმების პირობების ცვლილების თაობაზე 260-ე მუხლით გასამართლებული პირებისათვის: თუკი საქმეში მტკიცებულებად არსებული ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობა არ აღემატება ამ ნივთიერების მოხმარების საშუალო დღიურ დოზას, მსჯავრდებულს სასჯელი პირობითად ჩაეთვალოს, ხოლო ისინი, ვინც პირობითი სასჯელის ნახევარზე მეტი მოიხადა, გათავისუფლდნენ პირობითი მსჯავრისაგან.
7. პარლამენტის შეკრებამდე მუშაობა განაახლოს ანტინარკოტიკულმა უწყებათშორისმა საბჭომ, რათა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე შეთანხმება, კერძოდ კი ნივთიერებათა ოდენობების დადგენის და სასჯელის ზომის გადასინჯვის თაობაზე.”
____________________________________________________________________________________