IRI: რამდენიმე საარჩევნო ოლქში საარჩევნო კომისიის წევრთა სია წინასწარ იყო დაკომპლექტებული

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) დაკვირვებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისია, საარჩევნო უბნების პროფესიონალი წევრებით დაკომპლექტების დროს, გადსაცდა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებს.

საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, წარმოდგენილი რეზიუმეების საფუძველზე, ღია სხდომაზე უნდა შეარჩიონ პროფესიონალი, უპარტიო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. თუმცა, როგორც IRI ამბობს, ზოგიერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ წინასწარ განსაზღვრული სიები გამოიყენა საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების დროს.

IRI-ის მოწმედ მოჰყავს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ცნობაც, რომ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ოთხ საარჩევნო ოლქში – სამტრედიაში, ქობულეთში, სენაკსა და ოზურგეთში. “რესპუბლიკური ინსტიტუტის” თქმით, თითოეულ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები სხდომაზე მივიდნენ წინსაწარ განსაზღვრული სიებით, რომლებშიც წარმოდგენილი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის შესარჩევი ყველა ან უმეტეს წევრი.

“რესპუბლიკური ინსტიტუტის” ცნობით, “სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა კიდევ ერთი შემთხვევა გორში (შიდა ქართლი), სადაც საოლქო საარჩევნო კომისიამ თითქმის ყველა უბანზე შეარჩია პირველი ექვსი განაცხადი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ასევე იკვლევს შემთხვევებს- 8 კასპში (შიდა ქართლი), ზუგდიდსა (სამეგრელო) და მარტვილში (სამეგრელო)- სადაც პოლიტიკურმა პარტიებმა არაოფიციალურად გამოხატეს უკმაყოფილება ახლად არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან დაკავშირებით, რომლებიც მათი მოსაზრებით არიან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი აქტივისტები და/ან პარტიის მხარდამჭერები; მათივე მოხსენებით, ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ჩართულნი იყვნენ პარტიის კარდაკარ სააგიატაციო კამპანიაშიც (კასპი).

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა დოკუმენტურად ასახეს რიგი არაოფიციალური მტკიცებულებებისა წინასწარ განსაზღვრულ სიებთან დაკავშირებით, ეს პრეტენზიები ძირითადად მაინც უკავშირდება შეხედულებებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები გამოირჩევიან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსადმი“ ერთგულებით და/ან განიცდიან მათგან ზეწოლას, საუბნო საარჩევნო კომისიების მმართველი პარტიის მხარდამჭერებით დაკომპლექტების მიზნით. წინა არჩევნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, საოლქო საარჩევნო კომისიები წინასწარ ირჩევდნენ თავიანთ ექვს კანდიდატს სხდომაზე დროის დაზოგვის მიზნით და არა მმართველ პარტიისთვის უკანონო ან არაპროპორციული უპირატესობის მინიჭებისთვის ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით.

2016 წლის 1 აგვისტოს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) თავისი გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის (LTO) ფარგლებში საქართველოში მიავლინა შვიდი გრძელვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფი: აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში. 1 აგვისტოდან 25 აგვისტომდე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა ჩაატარეს 479 შეხვედრა არჩევნებში ჩართულ მხარეებთან. დღეს, 15 სექტემბერს, IRI-მ გამოაქვეყნა მისი გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების ანგარიში. ინსტიტუტის ცნობითვე, გრძელვადიანი დამკვირვებლები განაგრძობენ ამ საკითხების დოკუმენტურად ასახვას და გამოკვლევას. ისინი ითანამშრომლებენ ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან, რათა დაადგინონ არსებული პრეტენზიების სანდოობა და გაავრცელონ ცნობა ნებისმიერი მომავალი დარღვევის შესახებ.