სუსი გვარამია-ბურჭულაძის ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან კავშირს უარყოფს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის სატელეფონო საუბრის მოპოვებასთან და გავრცელებასთან კავშირს უარყოფს – ამის შესახებ ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

“აღშნული ბრალდება არის უსაფუძვლო, სახელმწიფო უსაფრთხების სამსახური უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასა და გარვრცელებასთან. თუ ვის მიერ იქნა ის მოპოვებული და გავრცელებული, ამას დაადგენს გამოძიება. ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სმაინისტრომ,”- განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

შსს-მ გამოძიება  პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით).

დღეს, 14 სექტემბერს, ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელზეც ნიკა გვარამიასა და პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარია ჩაწერილი. გვარამია დარწმუნებულია, რომ აუდიოჩანაწერი ინტერნეტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, რადგან, მისი თქმით, ჩანაწერის შინაარსის გასაჯაროება არც მისი და არც ბურჭულაძის ინტერესებში არ შედიოდა. ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა ბურჭულაძის პარტიის პრესსამსახურს, სადაც ასევე არ უარყვეს ჩანაწერის ავთენტურობა და კატეგორიულად გამორიცხეს ის საკითხი, რომ აუდიოჩანაწერის გავრცელება მათი პარტიის მხრიდან მოხდა.

8 სექტემბერს გვარამია ბურჭულაძეს ვაშინგტონში დაუკავშირდა და ესაუბრა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის, “გირჩის” წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებაზე “ქართულ ოცნებასთან” შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.