დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელი პროკურატურას ჩაბარდა

დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული გოდერძი თევზაძე პროკურატურას ჩაბარდა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს პროკურატურაში დაუდასტურეს.

“ის გამოცხადდა [პროკურატურაში და დავაკავეთ]”, – აცხადებენ უწყებაში.

თავად თევზაძემ დაკავებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის უდანაშაულოა და შიმშილობას იწყებს.

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ პოლიციელს, გოდერძი თევზაძეს 30 აგვისტოს ქუთაისის სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

გოდერძი თევზაძე მიმალვაში იმყოფებოდა, თუმცა, პროკურატურის განცხადებით, მას საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

თევზაძისთვის წაყენებული ბრალი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.