“რესპუბლიკა ბანკის” ყიდვით “თიბისი” პირველ ბანკად ჩამოყალიბდა სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით

“თიბისი ბანკმა” “რესპუბლიკა ბანკის” 93.64% შეისყიდა, რითიც საქართველოში ნომერ პირველ ბანკად ჩამოყალიბდა სესხებისა და დეპოზიტების კუთხით.

დღეს, 12 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, “თიბისი ბანკის” ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ “სოსიეტე ჟენერალისგან” 315 მილიონ ლარად იყიდეს “რესპუბლიკის” 93.64%. აღნიშნული თანხის 70%-ს გადაიხდიან ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო დარჩენილ 30%-ს – ახლად გამოშვებული აქციებით. რის შედეგადაც “სოსიეტე ჟენერალი” “თიბისი ბანკის” 5.4%-იანი წილის მფლობელი ხდება.

“თიბისი ბანკი” აცხადებს, რომ მან დაიწყო მოლაპარაკებები, რათა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კუთვნილი 6.36%-იც იყიდოს.

“თიბისის” ცნობით, მისი წილი მთლიან სესხებში იზრდება 7.3%-ით და აღწევს 35.7%-ს, ხოლო დეპოზიტებში იზრდება 5%-ით და იქნება 34.5%. გაერთიანების შედეგად კლიენტების რაოდენობა მიუახლოვდება 2 მილიონს, ხოლო საქართველოს მასშტაბით 170-მდე გაიზრდება ფილიალების რაოდენობა, ბანკომატებისა – 517-მდე.

“თიბისისა” და “რესპუბლიკა ბანკის” გაერთიანება 2016 წლის ბოლომდე იგეგმება.  გაერთიანების შედეგად “ბანკი რესპუბლიკა” განაგრძობს “თიბისი ბანკის” ბრენდით ფუნქციონირებას, შეიცვლება მისი ფილიალებისა და მთლიანად საკომუნიკაციო მასალის ბრენდირება.

“ეს არის ყველაზე დიდი გარიგება ქართულ საბანკო ისტორიაში და ამით თიბისი ბანკი უახლოეს ხანში გადავა 250 ყველაზე მსხვილი კომპანიის რიცხვში ლონდონის ბირჟაზე”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე მამუკა ხაზარაძემ, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

“თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ კი ისაუბრა იმის შესახებ, რომ ამ გარიგების მთავარი მოტივატორი იყო ის გარემოება, რომ “რესპუბლიკა ბანკს” გააჩნია დიდი ხნის ისტორია, ერთ-ერთი ლიდერია ქართულ საბანკო სექტორში და დაკომპლექტებულია პროფესიონალებით.

“მნიშვნელოვანია ის, რომ ის პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ რესპუბლიკა ბანკში, კიდევ გააძლიერებენ თიბისი ბანკის გუნდს და კიდევ უფრო ახალ სიახლეებს შევთავაზებთ ჩვენს პარტნიორებს”, – განაცხადა ბურცხრიკიძემ.

მას იმედი აქვს, რომ კლიენტებს უფრო მეტი მომსახურების პროდუქტებს მიაწოდებენ და უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს შესთავაზებენ მომხმარებლებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენით დაბალი შეიძლება იყოს საპროცენტო განაკვეთი.

ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, რესპუბლიკა ბანკის თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება.

“რესპუბლიკა ბანკის” შეძენასთან ერთად პრესკონფერენციაზე დაადასტურეს, რომ თიბისი ბანკმა შეიძინა არა “პროგრეს ბანკი” არამედ მისი აქტივებისა და დეპოზიტების შერჩეული ნაწილი. თიბისი ბანკისთვის ეს ტრანზაქცია წარმოადგენს საერთო აქტივების 1.6%-ს.

ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, ეს არის სტანდარული ოპერაცია. მან მაგალითად მოიყვანა 2015 წელს “პროკრედიტ ბანკის” 45-მილიონიანი შესაბამისი პორტფელის შეძენა . ასევე განაცხადეს, რომ 2016 წლის ბოლომდე ისევ გეგმავენ ერთ-ერთი ქართული ბანკიდან შესაბამისი პორტფელებისა და შესაბამისი ვალდებულებების შეძენას.

კითხვას, “პროგრესბანკის” აქტივების შეძენა იყო თუ არა “სოსიეტე ჟენერალთან” წარმოებული მოლაპარაკებების ნაწილი, ვახტანგ ბუცხრიკიძემ უპასუხა,  რომ ეს ერთმანეთთან კავშირში არ ყოფილა, ხოლო ხაზარაძემ განმარტა, რომ იყო სურვილი, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთს დამთხვეოდა, რათა”ბაზრისთვის მნნიშვნელოვანი თემა შეგვექმნა და ერთიანად გაგვეტანა”.

ხაზარაძის თქმით, იგი 2015 წლის სექტემბერში შეხვდა “სოსიეტე ჟენერალის” გენერალურ დირექტორს და მას შემდეგ აწარმოებენ მოლაპარაკებს, არ გაუჩერებია არც ერთი თვე მოლაპარაკება. ხოლო პროგრესბანკის აქტივებისა და დეპოზიტების შეძენაზე მუშაობა, ვახტანგ ბუცხრიკიძის ინფორმაციით, 2016 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.