ახალი ამბები

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

10 სექტემბერი, 2016 • 1581
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი ეწვია, რომელსაც ლევან იზორია მასპინძლობს.

თავდაცვის სამინისტროში გაიმართა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ფრანგულ მხარეს კი საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიოტი წარმოადგენდნენ.

როგორც ამ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, საუბარი შეეხო საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასაც:

“განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელსაც საფრაგეთის მხარე ნატო-საქართველოს მხარდაჭერის ფარგლებში იჩენს. საუბარია ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სფეროში. ბატონმა მინისტრმა ბრძანა, რომ ამ მიმართულებით გაძლიერდება თანამშრომლობა. წლის ბოლოს ექსპერტიც იქნება მოვლენილი, რათა დაიგეგმოს, კონკრეტულად თუ რა ფორმას მიიღებს და რა ეტაპები იქნება მომავლისთვის იდენტიფიცირებული ამ თანამშრომლობისთვის,”- განაცხადა ლევან იზორიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით აღინიშნა სამხედრო განათლების მიმართულება: ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა საფრანგეთის წვლილზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსებასა და განვითარებაში. იზორიამ ფრანგ კოლეგას სკოლისთვის გაწეული მატერიალურ-ტექნიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე, უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. მხარეებმა საერთაშორისო მისიებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზეც იმსჯელეს. ხაზი გაესვა ქართული სამხედრო კონტინგენტის წვლილს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში, სადაც ქართველი სამხედროები ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდნენ მისიას. მინისტრებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ქართული ოცეულის მონაწილეობის საკითხებიც განიხილეს.

საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. დაგეგმილია ჟან-ივ ლე დრიანის ვიზიტი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი