მანჯგალაძე: პრეზიდენტი აშშ-ში მილანის გავლით გაემგზავრა

“პრეზიდენტი 14 მაისს გაემგზავრა აშშ-ში სამუშაო ვიზიტით. გადაფრენის მარშრუტი ითვალისწინებდა რამდენიმე საათიანგაჩერებას მილანში,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

გაზეთმა “ალიამ” გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომელიც, გამოცემის ცნობით, 14 მაისს, დილითაა გადაღებული მილანში, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “შოპინგობდა”.

მანანა მანჯგალაძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს კორექტულობისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ მეტი დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად წერილობით მიმართონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ეწვევა ნიუ იორკს, ლოს ანჯელესს და ჩიკაგოს. 20-21 მაისს იგი მონაწილეობას მიიღებს ჩიკაგოს ნატოს სამიტის მუშაობაში. ამას გარდა, პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს შეერთებული შტატების პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია რამდენიმე საჯარო გამოსვლა, მათ შორის, ამერიკულ უნივერსიტეტებში.