ინდონეზიაში დაკარგულ რუსულ თვითმფრინავს ისევ ეძებენ

რუსული თვითმფრინავი, რომელიც რეისს ინდონეზიის მიმართულებით ასრულებდა, რადარებიდან გაქრა. 

სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელი ბი-ბი-სისთან საუბარში ამბობს, რომ რუსული თვითმფრინავი Sukhoi Superjet-100, რომელიც რადარების ეკრანებიდან ოთხშაბათს, დღის საათებში გაქრა, შესაძლოა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდნილიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 50 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 8 რუსეთის და რამდენიმე იტალიის, საფრანგეთისა და ამერიკის მოქალააქე იყო, დანარჩენი კი – ინდონეზიის.  

თვითმფრინავის გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე მფრინავებმა დაშვების ნებართვა ითხოვეს. 

ინდონეზიის საავიაციო ხელმძღვანელობა მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიას, მათ შორის, თვითმფრინავის გატაცებისა და ღრუბლიანობის გამო მისი მთაზე შეჯახების ვერსიას განიხილავს.