Amnesty International: “საქართველოს მთავრობამ ოპოზიციის პროტესტს ცივი წყალი გადაასხა”

ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაცია Amnesty International ქალაქ ქუთაისში კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტს ეხმაურება.

ორგანიზაცია მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს:

“ჩვენი ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ ქალაქის ხელისუფლებას გააჩნია ვალდებულება, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, თუმცა ამ ვალდებულებებმა ფეხქვეშ არ უნდა გათელოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, როგორიც არის უფლება მშვიდობიანი გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებისა. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებმა შესაძლოა დროებით ხელი შეუშალეს ან შეაფერხეს ქალაქის დასუფთავების სამსახური, ასეთი შეფერხებები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მშვიდობიანი დემონსტრაციისათვის გამოხატვისა და შეკრების უფლების ხელის შეშლის გასამართლებლად”, – ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Amnesty International-ი  შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ სანთლებით მშვიდობიანი აქციის ხელის შეშლით ქუთაისის მერიამ  დაარღვია  საკუთარი ვალდებულება,  უზრუნველყოს ნებისმიერი ადამიანის აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, მიუხედავად ამ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური გაერთიანებებისა.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები 2 მაისს, ღამით, “ქუთაისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით სიმბოლურ აქციას მართავდნენ. მათ აღმაშენებლის ძეგლის გარშემო სანთლები დაანთეს. აქციის მონაწილეებს ქალაქის დასუფთავების სამსახურის წევრებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა მანამდე, სანამ აქციის მონაწილეები დაიშლებოდნენ, მათი თქმით, დასუფთავების სამსახურის სატვირთო მანქანები გამოჩნდა, რომლებმაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს წყლის ჭავლის გაშვება აქტივისტების და დანთებული სანთლების მიმართულებით.

ამავე თემაზე:

“ქართული ოცნების” აქტივისტების თქმით, მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს