ტელევიზიების განსხვავებული საინფორმაციო პრიორიტეტები

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები და საქართველოს პარლამენტის საქმიანობა – ეს არის თემები, რომლებიც ქართულმა ტელევიზიებმა ყველაზე ინტენსიურად გააშუქეს 13 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით. შესაბამისი კვლევა ”სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა” დღეს, 7 მაისს გამოაქვეყნა.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა არის ყველაზე ინტენსიურად გაშუქებული თემა იმ თემებს შორის,  რომლებიც მოცემულ პერიოდში ტელეკომპანიების მთავარ საინფორმაციო პროგრამებში გაშუქდა, რადგან ექვსიდან ხუთმა ტელევიზიამ – საზოგადოებრივმა მუწყებელმა, „რუსთავი 2“-მა, „იმედმა“,  „რეალ TV“-მ და „კავკასიამ“  – საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა პირველ პრიორიტეტულ თემად მიიჩნია. იგივე თემა მესამე პრიორიტეტული თემაა „მაესტროსთვის“.  ამავდროულად,  „მაესტროს“  მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში პირველ პრიორიტეტულ თემად განისაზღვრა პარლამენტის საქმიანობა (აღნიშნულ პერიოდში).  პარლამენტის საქმიანობა მეორე პრიორიტეტული თემაა „კავკასიისთვის“ და არ ხვდება სხვა ტელევიზების პრიორიტეტული თემების ჩამონათვალში.

ასევე,  მიშვნელოვანი თანხვედრაა ტელევიზიების მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მეორე პრიორიტეტულ თემებს შორის:  სამი ტელევიზია – საზოგადოებრივი მუწყებლი, „რუსთავი 2“  და „იმედი“  – პრეზიდენტის ვიზიტებს რეგიონებში აშუქებდა, როგორ მეორე პრიორიტეტულ თემას.  იგივე თემა „რეალ TV“-სთვის მესამე პრიორიტეტული თემაა.  პრეზიდენტის ვიზიტები რეგიონებში, მონიტორინგის პირველი 2  კვირის ანგარიშის (2-12  აპრილი, 2012  წ.) მიხედვით, ყველაზე ინტენსიურად გაშუქებული თემა იყო ოთხივე ჩამოთვლილი ტელევიზიისთვის.

„რეალ TV-ს“  და „მაესტროს“  მეორე პრიორიტეტული თემები არ ხვდება სხვა ტელევიზიების პრიორიტეტული თემების ჩამონათვლაში – „რეალ TV“  მეორე თემად    პარტია „ქართული ოცნების“  დაფუძნებას და მის დამფუძნებლებს აშუქებს,  ხოლო „მაესტრო“  – ნაციონალური მოძრაობის აქტივობებს.  მესამე პრიორიტეტული თემები კი ტელევიზიების უმრავლესობას ერთმანეთისგან განსხვავებული აქვს: „რუსთავი 2“  აშუქებს დონალდ ტრამპის ვიზიტს,  საზოგადოებრივი მაუწყებელი – ანდერს ბრეივიკის საქმეს, „იმედი“  – საქართველო-აშშ-ს ურთიერთობას,  ხოლო „კავკასია“  – სახალხო დამცველის ანგარიშს.

ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოცემულ პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“ და „იმედი“ უფრო ინტენსიურად აშუქებდნენ პრიორიტეტულ თემებს, ვიდრე „რეალ TV”, „მაესტრო“ და „კავკასია“.

კვლევის მეორე ეტაპზე, 2012 წლის 28 აპრილს – 1 მაისს, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA), სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის დაკვეთით, ჩაატარა მასობრივი სოციოლოგიური გამოკითხვა თბილისში, რა დროსაც სპეციალური მეთოდით გამოიკითხა 400 მოქალაქე. 

თბილისში საზოგადოების აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ არსებობს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა შესახებაც ისურვებდნენ გამოკითხულები მედიისგან ინფორმაციის მიღებას. ეს საკითხებია: არჩევნების სამართლიანობა, გამჭვირვალობა,
დემოკრატიულობა (18.6%) და დასაქმების პრობლემის (უმუშევრობის) მოგვარება (15.4%).

”სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“  მხარდაჭერით უკვე რამდენიმე კვირაა ატარებს პროექტს, რომლის სახელწოდებაცაა „ტელეკომპანიებისა და საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტების შესაბამისობის კვლევა წინასაარჩევნო პერიოდში“. პროექტის შინაარსი გულისხმობს აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით 7  ტელეკომპანიის (საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“, „რუსთავი 2“, „რეალ ტვ“, „კავკასია“, „მაესტრო“  და „მეცხრე არხი“)  მთავარი საინფორმაციო პროგრამის მონიტორინგს.  მონიტორინგის საფუძველზე    გამოვლინდება    თითოეული ტელეკომპანიის მხრიდან საზოგდოებისთვის ყოველი ორი კვირის განმავლობაში ყველაზე პრიორიტეტულად,  ინტენსიურად მიწოდებული თემა.  თემის გაშუქების ინტენსივობა დგინდება სამი პარამეტრის საფუძველზე:  1. ერთსა და იმავე თემაზე ერთსა და იმავე ტელევიზიაში ორი კვირის განმავლობაში გასული სიუჟეტების რაოდენობა, 2. ამ სიუჟეტების ადგილი (რომელ ნომრად გავიდა) დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში და 3. ამ სიუჟეტებისთვის დათმობილი დრო (წუთების რაოდენობა)