იურისტის განმარტებით, პოლიციელს ქართული ოცნების შეხვედრაზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ირმა პავლიაშვილი განმარტავს, რომ ახალქალაქში “ქართული ოცნების” შეხვედრაზე პოლიციელის მონაწილეობა საარჩევნო კოდექსისა და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის დარღვევაა.

საია-ს საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსი ადგენს იმ პირთა სიას, ვისაც არ აქვს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება, რომელთა შორის არიან პროკურატურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები.

“შესაბამისად, პოლიციელებს არ აქვთ უფლება, მიიღონ აგიტაციაში მონაწილეობა”, – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

იურისტმა ასევე მოიხმო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის 2013 წლის რეკომენდაცია, რომელმაც განმარტა, თუ რას ნიშნავს აგიტაციაში მონაწილეობა და როგორ უნდა ყოფილიყვნენ პოლიციელები წარმოდგენილი სააგიტაციო შეხვედრაში.

იურისტის განმარტებით, ეს რეკომენდაციები უწყებათაშორისმა კომისიამ შსს-ს ინსტრუქციის მიხედვით შეიმუშავა, რომელიც დღესაც მოქმედია და განსაზღვრულია, რომ შსს-ს თანამშრომლები ვალდებული არიან, მკაცრად დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, არ მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოებულ აგიტაციასა და კამპანიაში.

ინსტრუქციის მიხედვით, პოლიციელს უნდა ეცვას დადგენილი ფორმის ტანსაცმელი; თუ შეხვედრა იმართება ღია ცის ქვეშ, არ მიუახლოვდეს შეკრების მონაწილეებს 5 მეტრის მანძილზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩარევა არის აუცილებელი, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად. იმ შემთხვევაში, თუ სააგიტაციო შეკრება იმართება შენობაში, პოლიციელს შესვლა ეკრძალება, თუ მისი ჩარევა არ არის აუციელებელი.

ირმა პავლიაშვილის განმარტებით, პოლიციელები თავიანთი სამსახურის ფუნქციის მიხედვით აპოლიტიკურები უნდა იყვნენ, რათა ის ადამიანური რესურსი, რომელიც ვალდებულია, დაიცვას უსაფრთხოება,  შეიძლება მიმართული იყოს იმ მხრივ, რომ მმართველი გუნდის ინტერესები გაატაროს.

გუშინ, 22 აგვისტოს, “ქართული ოცნების” მოსახლეობასთან შეხვდრას, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ენზელ მკოიანი წარუდგინა, ნინოწმინდის პოლიციის თანამშრომელი არმენ ბდოიანი ესწრებოდა, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ტაშს უკრავდა ოცნების მხადრამჭერებთან ერთად.

არმენ ბდოიანი

არმენ ბდოიანი