პარტიებმა საარჩევნო რეკლამის საფასურის წინასწარ გადახდის წესი სააპელაციოში გაასაჩივრეს

‘’ირაკლი ალსანია – თავისუფალი დემოკრატების’’ აღმასრულებელმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიის მიერ რეკლამის საფასურის წინასწარ და სრულად გადახდის წესთან დაკავშირებით.

ოპოზციურმა პარტიებმა საქალაქო სასამართლოს  5 აგვისტოს მიმართეს. მათი სარჩელი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: ერთი მხრივ, პარტიები მოითხოვდნენ იმ ნორმების გაუქმებას, რის მიხედვითაც ახლებურად დარეგულირდა პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის წესი; მეორე მხრივ კი,  სარჩელის უზრუნველსაყოფად ამ აქტის მოქმედების შეჩერებას მოითხოვდნენ.

როგორც “თავისუფალი დემოკრატების” პრესსამსახური გვაცნობებს, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა მეორე მოთხოვნა, შეჩერებულიყო ამ აქტის მოქმედება სარჩელის უზრუნველსაყოფად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამ გარემოების გათვალისწინებით თამარ კეკენაძემ  სააპელაციო სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა სარჩელის უზრუნველსაყოფად აქტის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით.

,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივნის აზრით, ასეთი “უხეში რეგულაციები” სარეკლამო დროის შესყიდვასთან დაკავშირებით საარჩევნო გარემოზე უარყოფითად აისახება:

,,დიდია ალბათობა, ეს ყოფილიყო შეგნებული და გამიზნული ნაბიჯი იმისათვის, რომ პარტიებს შეგვეზღუდოს, თავისუფლად განვახორციელოთ კანონიერი უფლება, ვიმოქმედოთ ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვლით რეკლამის მიმწოდებლებთან მიმართებაში. ამასთანავე, აუდიტს არ აქვს უფლება, რაიმე სახით ჩაერიოს პარტიასა და კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობაში და განსაზღვროს რეკლამის შესყიდვის წესი, რადგან აღნიშნული მდგომარეობა პარტიებს აყენებს არათანაბარ მდგომარეობაში ხელისუფლების პოლიტიკურ ძალასთან“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

“ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა სამართლიანია: “გვაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, თუმცა, რას გადაწყვეტს, ამის კომენტირებისგან თავს შევიკავებ, რადგან ნებისმიერ წინასწარ განცხადება არ მინდა აღქმული იყოს, როგორც პოლიტიკური ზეწოლა”, – ამბობს ლორთქიფანიძე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის ბრძანების თანახმად, პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთი, გარე რეკლამა) უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. რამდენიმე პოლიტიკურ პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ ეს ახალი წესი დამატებითი ბარიერია პოლიტიკური პარტიებისათვის, რადგან მათ უზღუდავს შესაძლებლობას, რომ რეკლამის შესყიდვა განახორციელონ მათთვის მოსახერხებელი წესით. “ეს გადაწყვეტილება დიდი ფინანსური რესურსების მქონე პარტიებისთვის პრივილიგირებული გარემოს შექმნას ემსახურება”, – ერთობლივად განაცხადეს პარტიებმა. ეს პარტიები იყო – “ახალი მემარჯვენეები”, “გაერთიანებული დემორკატიული მოძრაობა”, “ევროპელი დემოკრატები”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “ეროვნული ფორუმი”, “თავისუფალი დემოკრატები”, “თავისუფალი საქართველო”, “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა”, “ლეიბორისტული პარტია”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “რეფორმატორები”, “საქართველოს აპტრიოტთა ალიანსი”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”, “ტრადიციონალისტთა კავშირი”, “ქართული დასი”, “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია” და ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა.”