ბურჭულაძის პარტია, ენმ-ის ყოფილი წევრების მიერ შექმნილი პარტიები და მემარჯვენეები გაერთიანდნენ

ოთხი პოლიტიკური პარტია – პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის”, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”,  გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები”  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.  ბლოკის სახელწოდებაა “პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”. 

ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა 18 აგვისტოს განაცხადეს.

“ჩვენი კარები ღაა ყველასათვის,  ვინც იზიარებს ჩვენს ხედვებს: პროდასავლური კურსი, ნატოში გაწევრიანება, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სამართლიანი საქართველო”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ მას შემდეგ, რაც ზემოთ ნახსენები პარტიის ლიდერებთან ერთად ჟურნალისტების წინაშე წარდგა და გაერთიანების შესახებ ისაუბრა.

“დღეს შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაა “პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის”. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ყოფილ კოლეგებს, ახალ თანაგუნდელებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენ გუნდზე მიმდინარეობდა ძალიან დიდი ზეწოლა და დღესაც არის ძალიან დიდი პოლიტიკური წნეხი ჩვენზე. დღეიდან ეს ბატონიშვილები ჩვენთან ერთად გაინაწილებენ ამ წნეხს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. ეს გმირობის ტოლფასია” – განაცხადა ბურჭულაძემ 18 აგვისტოს. 

“ჩვენ იმედის თვალით შემოგვცქერის მთელი საქართველო, უფრო სწორად, 80%-ზე მეტი საქართველო, ვისაც უჭირს. ჩვენ ვიძლევით პირობას, როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ მათ ცხოვრებას შევცვლით საგრძნობლად უკეთესობისკენ არა 4 წლის მერე, არამედ პირველივე თვეებში ისინი იგრძნობენ ამას”, – აცხადებს ბურჭულაძე. 

ხოლო პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ყველას განცვიფრებას ჰპირდება:

“დღევანდელი ნაბიჯით, რომელიც ჩვენ გუშინ შეთავაზების სახით გადავდგით ბატონ პაატასთან მიმართებაში, და დღევანდელი ნაბიჯით ჩვენ ერთ რამეს ვუსვამთ ხაზს: გაერთიანება საქმის გარშემო არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის. ჩვენ უარს ვამბობთ ბოღმაზე, შურისძიებასა და დაპირისპირებაზე და ვიწყებთ ერთად საქმის კეთებას წარმატებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის. საქართველო უახლოეს მომავალში უნდა გახდეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა და ჩვენ გუნდს მართლაც შესწევს ამ გაერთიანებული ძალებით ეს ყველაფერი გააკეთოს და დიდი მადლობა ბატონ პაატას, აი, ამ ორგანიზაციას, რომ ჩვენი შეთავაზება მიიღო და დღეიდან ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ შედეგი, რომელიც ჩვენ გვექნება, განაცვიფრებს აბსოლუტურად ყველას”.

“გირჩის” დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სურდა, რომ საქართველოში შექმნილიყო ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც იქნებოდა პროდასავლური ორიენტაციის  და რომლის მიზანიც იქნებოდა საქართველოს ეკონომიკის სწრაფი განვითარება.

მისი თქმით, მას ღრმად სწამს და უხარია, რომ მის კოლეგებს [ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებთანაც “გირჩი” გაერთიანდა] აქვთ ზუსტად იგივე ხედვა რიგ საკითხებზე, რაც გირჩს:

“სწრაფი სვლა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. სრული თანხვედრა იმასთან მიმართებით, რომ საქართველოს სჭირდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა პრობლემის გასაღები არის ეკონომიკის სწრაფი ზრდა – იქნება ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუ საგარეო საფრთხეებთან გამკლავება, თუ  სოციალური სიდუხჭირე, რომელიც ამ ქვეყანაში არის”.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიტიკური ცენტრი იქნება სწორედ ის, რომელიც მომავალში საქართველოში უზრუნველყოფს საქართველოს პროდასავლური კურსის მდგრადობას, ერთი მხრივ, და მათ შორის უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში გატარდეს საჭირო, შეიძლება მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები. მე დარწმუნებული ვარ ამაშიც, რომ ბევრი ცდის შემდეგ ჩვენ ყველა გამოვხედავთ ამ დღეს და სიამაყით ვიტყვით, რომ ეს იყო ის დღე, როცა ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – განაცხადა ზურან ჯაფარიძემ. 

კონსლუტაციები პარტიებს შორის დღეს დილიდან მიმდინარეობდა.

საარჩევნო ბლოკ “ახალი არჩევანის” ლიდერებმა ბურჭულაძის პარტიას “სახელწიფო ხალხისთვის”  საჯარო შეთავაზება  ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ 17 აგვისტოს საღამოს გაუკეთეს, თუმცა მოლაპარაკებები მანამდეც მიმდინარეობდა.  17 აგვისტოს ბურჭულაძის პარტია რამდენიმე წევრმა დატოვა. ერთ-ერთმა მათგანმა, იოსებ ხიმშიაშვილმა გუშინ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი 2-თვიანი უხელფასობა და ბურჭულაძის პარტიის მხრიდან ენმ-სთან, გიორგი ვაშაძესთან და “გირჩთან” მოლაპარაკებები გახდა. ეს განცხადება მან “ახალი არჩევანის” ლიდერების განცხადებამდე გააკეთა.

მოვლენების მოკლე ქრონოლიგია

[checklist]

[/checklist]