ჯაფარიძე ბურჭულაძესთან გაერთიანებაზე: აქამდე რომ მივიდა პოლიტიკური კულტურა, ძალიან მაგარია

დღეს, 18 აგვისტოს, 18:00 საათზე გახდება ცნობილი, შექმნიან თუ არა საარჩევნო ბლოკს გირჩი, გიორგი ვაშაძის ახალი საქართველო, ახალი მემარჯვენეები და პაატა ბურჭულაძის “სახელმწიფო ხალხისთვის. პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ მათ ბევრი საერთო აქვს,  მთავარ ფაქტორად კი პროდასავლურობას ასახელებენ. რა განასხვავებთ და რა აერთიანებთ ამ პარტიებს?

“ძალიან ბევრი შეხების წერტილი გვაქვს და ეს არის ყველაზე  ძალიან სასიამოვნო. ჩვენი გუნდი და მათი გუნდი ერთმანეთს გაეცნენ, ჩვენ ბევრი საერთო წერტილი მოვნახეთ, რაზეც მუშაობა შეიძლება და რითიც ჩვენს ქვეყანას შეიძლება ეშველოს,” – ამბობს პაატა ბურჭულაძე.

2016 წლის 11 ივლისს “გირჩმა” ფეისბუკზე დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც  პაატა ბურჭულაძის  პარტიის ეკონომიკურ პროგრამას აფასებს.

“პროგრამის მთავარი გზავნილი არის ერთმნიშვნელოვნად სწორი – სწრაფი ეკონომიკური ზრდა ერთადერთი გამოსავალია მიმდინარე პრობლემების, სიღარიბის, უმუშევრობის, მერყევი ეროვნული ვალუტის, მძიმე სოციალური ვითარების დასაძლევად“. კონკრეტული ქმედებების აღწერა მეტწილად ზოგადია და განსხვავებულად ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. ზოგიერთი თემისადმი დამოკიდებულება კი გვაფიქრებინებს, რომ პარტიაში ან არ ესმით, რა გზით შეიძლება მათივე მთავარი მიზნის მიღწევა, ან პოპულიზმის გამო ცდილობენ ამომრჩეველს ასიამოვნონ და ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯებს სთავაზობენ, რაც შეუძლებელს ხდის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას,” – აღნიშნულია შეფასებაში.

დღეს ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ  ეკონომიკურ ნაწილში ყველაზე მეტი თანხვედრა აქვთ:

“არის რაღაც საკითხები, სადაც პრინციპული განსხვავებაა, თუმცა ჩვენ ვეცდებით, რომ ეს ხედვები ერთმანეთთან მაქსიმალურად დავაახლოვოთ. განსხვავება ეხება ეკონომიკური რეფორმების  იმ ნაწილს, რომელიც აუცილებელია სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევისთვის. ჩვენ გვგონია, რომ ამ მხრივ გაცილებით რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი, პაატა ბურჭულაძის პროგრამაში ნაკლებად რადიკალური ნაბიჯებია. ჩვენ უფრო ვართ ავსტრიული ეკონომიკური სკოლის იდეების მატარებელი, ისინი უფრო ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლის იდეების მატარებელი. ორივე სკოლას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ავსტრიულისკენ ვიხრები. ასეთი ჭიდილი აღმოჩნდა პირველად ქართულ რეალობაში. აქამდე რომ მივიდა ქართული პოლიტიკური კულტურა, ძალიან მაგარი არის, რაღაც თვალსაზრისით მიხარია,” – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ  პოზიციების დასაახლოებლად სამუშაო ჯგფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ჯაფარიძე განმარტავს, რომ არსებობს პრინციპული საკითხებიც, სადაც კონსესუსზე არ წავლენ:

“ჩვენ კონკრეტული საკითხები არ გაგვივლია. გირჩი გაცილებით ლიბერალური შეხედულებების მქონეა ბევრ საკითხთან მიმართებაში და არიან პარტიები, რომლებიც უფრო კონსერვატიული შეხედულებების მატარებელი არიან, ისე, როგორც ეს ხდება დასავლეთში. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებზე. არის საკითხები, რომლებიც ჩემთვის პრინციპულია და კონსესუსზე ასეთ საკითხებზე ვერ წახვალ.  ეს არის საარჩევნო ბლოკი. საუბარი არ არის პარტიების შერწყმაზე, ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი პარტია გახდეს ისეთი, როგორიც პაატა ბურჭულაძის პარტია არის და არც მათ აქვთ მიზანი, რომ ვიღაცას დაემსგავსონ.  ”

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ გაერთიანებას დიდი მომავალი აქვს:

“ჩვენი გაერთიანებით ძალიან დიდ განაცხადს ვაკეთებთ და ვიფიქრებთ, ვინ გაერთიანდება ჩვენთან და არა ჩვენ ვისთან გავერთიანდებით. დაველოდოთ არჩევნებს. ვფირობ, ძალიან დიდ გაერთიანებას აქვს ადგილი, დღის ბოლოს გახდება ცნობილი, რა გზით, რა ფორმით ვერთიანდებით და რას ვაკეთებთ საერთო ძალებით. ეს არის რესურსების, კომპეტენციების გაერთიანების მომავალი, რომელსაც ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს.”