18:00 საათზე გახდება ცნობილი, გაერთიანდებიან თუ არა პაატა ბურჭულაძე და “ახალი არჩევანი”

პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისში საარჩევნო ბლოკის შექმნაზე ახალ მემარჯვენეებთან, გიორგი ვაშაძის პარტიასთან და გირჩთან  მოლაპარაკება დასრულდა. პაატა ბურჭულაძის პარტია შიდა კონსტულტაციის შემდეგ, 18:00 საათზე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.

“ჩვენ გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ერთმანეთს აზრები გავუზიარეთ, ახლა კონსულტაციები გრძელდება და საღამოს მოგახსენებთ ყველაფერს. ძალიან ბევრი შეხების წერტილი გვაქვს და ეს არის ყველაზე  ძალიან სასიამოვნო. ჩვენი გუნდი და მათი გუნდი ერთმანეთს გაეცნენ, ჩვენ ბევრი საერთო წერტილი მოვნახეთ, რაზეც მუშაობა შეიძლება და რითიც ჩვენს ქვეყანას შეიძლება ეშველოს. განცხადებას საღამოს გავაკეთებთ,”  – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, “ახალ არჩევანში” შემავალ პარტიებს და “სახელმწიფო ხალხისთვის” რეალობის მსგავსი აღქმა აქვთ:

“რეალობას მსგავსად ვაფასებთ და ვხედავთ საფრთხეებს, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს. გამოსავალი ამ საფრთხეებიდან ის არის, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფი სვლა უნდა გააგრძელოს ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. ასევე, ქვეყანაში გასატარებელია რადიკალური ეკონომიკური რეფორმები იმისათვის, რომ სიღარიბის დაძლევა მოხდეს. აქაც ხედვების დიდი ნაწილი ემთხვევა, ვილაპარაკეთ ჩვენს შორის განსხვავებებზეც.”

საარჩევნო ბლოკ “ახალი არჩევანის” ლიდერებმა ბურჭულაძის პარტიას “სახელწიფო ხალხისთვის”  საჯარო შეთავაზება ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ 17 აგვისტოს საღამოს გაუკეთეს, თუმცა  მოლაპარაკებები მანამდეც მიმდინარეობდა.  17 აგვისტოს ბურჭულაძის პარტია რამდენიმე წევრმა დატოვა. ერთ-ერთმა მათგანმა, იოსებ ხიმშიაშვილმა გუშინ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი 2-თვიანი უხელფასობა და ბურჭულაძის პარტიის მხრიდან ენმ-სთან, გიორგი ვაშაძესთან და “გირჩთან” მოლაპარაკებები გახდა. ეს განცხადება მან “ახალი არჩევანის” ლიდერების განცხადებამდე გააკეთა.