ბურჭულაძის პარტიის ოფისში მოლაპარაკება მიმდინარეობს ვაშაძე, გირჩი, მემარჯვენეების ბლოკთან

პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისში მოლაპარაკებები მიმდინარეობს საარჩევნო ბლოკის შექმნაზე მანამდე შექმნილ ბლოკთან “ახალი არჩევანი”, რომელშიც ახალი მემარჯვენეები, ვაშაძის პარტია და გირჩი არიან გაერთიანებული.

ამის შესახებ 18 აგვისტოს პარტიის ოფისში მისულმა ახალი მემარჯვენეების წევრმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა  ჟურნალისტებს.

17 აგვისტოს საღამოს საარჩევნო ბლოკ “ახალი არჩევანის” ლიდერებმა საარჩევნო ბლოკის შექმნა საჯაროდ შესთავაზეს პაატა ბურჭულაძის პარტიას.

როგორც მამუკა კაციტაძე ამბობს, გუშინ გაცხადებული შეთავაზების შემდეგ პარტიებს შორის კომუნიკაცია მალევე შედგა და დღევანდელი შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ.

“დღეს გვაქვს შეხვედრა, სადაც ალბათ უნდა ვისაუბროთ ბევრ მნიშვნელოვან თემაზე.  გადაწყვეტილება დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. გაერთიანების მიზანი არის ის, რომ უნდა მოხდეს ძალისხმევების კონსოლიდაცია, რათა სერიოზული შედეგი დავდოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში”.

საარჩევნო ბლოკ “ახალი არჩევანის” ლიდერებმა ბურჭულაძის პარტიას “სახელწიფო ხალხისთვის”  საჯარო შეთავაზება ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ 17 აგვისტოს საღამოს გაუკეთეს, თუმცა მოლაპარაკებები მანამდეც მიმდინარეობდა.  17 აგვისტოს ბურჭულაძის პარტია რამდენიმე წევრმა დატოვა. ერთ-ერთმა მათგანმა იოსებ ხიმშიაშვილმა გუშინ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი 2-თვიანი უხელფასობა და ბურჭულაძის პარტიის მხრიდან ენმ-სთან, გიორგი ვაშაძესთან და “გირჩთან” მოლაპარაკებები გახდა. ეს განცხადება მან “ახალი არჩევანის” ლიდერების განცხადებამდე გააკეთა.


 

[checklist]

[/checklist]