ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას არ აპირებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გეგმავს, რომ იყოს “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატიც და ამავდროულად, არ დატოვოს პრეზიდენტის პოსტი ფეხბურთის ფედერაციაში.

ამის შესახებ მან განცხადება ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ვრჩები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იგივე ტემპით, იგივე რეჟიმში გავაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ დიდი ცვლილებების მისაღწევად, რაც მე და ჩემმა გუნდმა დავისახეთ მიზნად. სწორედ განხორციელებული პროექტები, ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯები იქნება ჩემი და ჩემი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოს შეფასება. მინდა, მივმართო თითოეულ ადამიანს, საფეხბურთო სამყაროს ყველა წევრს და გულშემატკივარს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩემი ხელმძღვანელობით გააგრძელებს წინსვლას, იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ქართული ფეხბურთის განვითარება ჰქვია,”- განაცხადა მან.

ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად 2015 წლის ოქტომბერში აირჩიეს. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა.